ადამიანები ისტორიები

14 წლის კარატისტი გოგონა, რომელიც ოლიმპიადის მოგებაზე ოცნებობს

გოგონების ადგილი რომ ძალისმიერ სპორტში არ არის, ეს სტერეოტიპი ქალებმა უკვე მრავალჯერ დაამსხვრიეს. ასეთ წარმატებულ და მებრძოლ ახალგაზრდები ჩვენ გარშემოც მრავლად არის – ერთ-ერთი მათგანი კი კასპის კარატის კლუბის “ხვადი” წევრი, 14 წლის ელენე ჩიტიშვილია.

ელენე 3 წელზე მეტია კარატის ერთ-ერთ სახეობას, შოტოკანს ეუფლება. როგორც სპორტსმენი გვიყვება, კარატეზე მშობლებმა ენერგიის დასაცლელად და დროის მოსაკლავად შეიყვანეს.

“ისეთ ასაკში ვიყავი, არ ვიცოდი სპორტის რა სახეობა ამერჩია. მინდოდა, ენერგია გამეხარჯა, ვერ ვიფიქრებდი, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და ჩემს სამომავლო გეგმებს ამ სპორტს დავუკავშირებდი. მაშინ მშობლებმა შემომთავაზეს კარატეზე მისვლა. როგორც მეუბნებიან, ახალგაზრდობაში დედაც დადიოდა, ამიტომ მათგან ხელშეწყობა მქონდა. როდესაც სავარჯიშოდ მივედი, დადიოდნენ გოგოები, მაგრამ ჩემზე დიდები იყვნენ, მათ დაანებეს თავი, მე ისევ ვაგრძელებ”.

ელენე პირველ წარმატებას იხსენებს, ეს იყო 2019 წელს, როდესაც “ოფენ ჯორჯიას” ჩემპიონი გახდა. როგორც ის ამბობს, პირველმა წარმატებამ გარდამტეხი როლი შეასრულა და მიხვდა, რომ ამ სპორტს თავს არასოდეს დაანებებდა. სპორტსმენის მიზანია ოლიმპიურ კვარცხლბეკზე დადგეს.

“ტურნირზე გასვლის წინ ყოველთვის ვნერვიულობ იქამდე, სანამ პირველ ქულას ავიღებ. ყოველი წარმატების შემდეგ, ჩემს მწვრთნელს ვუყურებ, ეს ჩვევად მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი გვერდში მიდგას და მოწონს ჩემი არჩევანი, დედას დღემდე უჭირს ჩემს შეჯიბრებებზე დასწრება, როგორც მშობელს აქვს განცდა არაფერი მეტკინოს”, – იხსენებს ელენე.

ელენე ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ჩეხეთში გაიმართება. იმედი აქვს რომ შრომა დაუფასდება და მშობლიურ ქალაქს მედლით დაუბრუნდება.

“კვირაში 3 დღე ვვარჯიშობ. თუ შეჯიბრისთვის ვემზადებით, რა თქმა უნდა, უფრო დატვირთული ვარ, ვვარჯიშობ თავდაუზოგავად. მწვრთნელი ძალიან მომთხოვნი და მკაცრია, თუ ეს საქმეს ეხება, ისე კი ვმეგობრობთ. ვარჯიშის დაწყების დღიდან ჩემ გვერდითაა”.

ელენე სპორტის პარალელურად სკოლაში სწავლობს. ამბობს რომ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევს. მომავალში უნდა, რომ უცხო ენების სპეციალისტი გახდეს.

“სამომავლოდ მინდა, რომ მსაჯის ლიცენზია ავიღო და სხვადასხვა ქვეყნის ტურნირებზე მივიღო მონაწილეობა, ამიტომ უცხო ენებს კარგად ვსწავლობ. ვფიქრობ, პროფესიადაც ამ მიმართულებას ავირჩევ და უცხო ენების სპეციალისტი გავხდები. ინგლისურს კარგად ვსწავლობ და ზოგადად, ენების სწავლა მიადვილდება”

ელენე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრია. ის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორია. მას ასევე მოგებული აქვს “ოუფენ ჯორჯიას” ჩემპიონატი, თბილისის თასი და ,,Grand Fix”-ის საერთაშორისო ტურნირი. აგრეთვე, საქართველოს და ქვეყნის გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.