ადამიანები ისტორიები

ცხოვრება სოფელში – ერთი ქალის ყოველდღიურობა

ავტორი: დოდო კუთარაშვილი

სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობას სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო საქმეების გაძღოლა ერთდროულად უწევთ, თუმცა საზოგადოებისთვის მათი ყოველდღიური, რთული და დამღლელი შრომა უხილავი რჩება. 

კითხვაზე, სად იცხოვრებდა, თუ არჩევანის საშუალება ექნებოდა, 76 წლის ჟუჟუნა მდინარიძე ასე პასუხობს:

„ვერ წარმომიდგენია სოფლის გარდა, სხვაგან ცხოვრება, აქაური ყოფისა და სირთულეების მიუხედავად. სოფელში გავატარე მთელი ცხოვრება“.

ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს.

“ჩემი დილა იწყება ძალიან ადრე. ყოველ დღე 6 საათზე ვდგები”.

ჟუჟუნას ქათმები ქვით აშენებული ორსართულიანი სახლის ეზოში ჰყავს გაშვებული. მისი ყოველი დღე შინაური ცხოველებისა და ფრინველების მოვლით იწყება. უვლის ბაღჩასაც და სახლის სხვა საქმეებსაც უძღვება.

“ვწველი ძროხას, ვუშვებ სანახიროზე და ოჯახის საქმეებს ვუბრუნდები. მაქვს ბაღი, სადაც პატარა მეურნეობა გვაქვს, მოგვყავს ხეხილი, მაგრამ ჩემი ავადმყოფობის და სარწყავი წყლის არარსებობის გამო, მეცხოველეობას უფრო დიდ უპირატესობას ვანიჭებ”.

ჟუჟუნა სოფლად მცხოვრები სხვა ქალების მსგავსად, ყოველდღიურად უამრავ სირთულეს აწყდება.

“მე ყველაფერი პრობლემას მიქმნის, თუნდაც ის რომ არ არის წყალი”, – ამბობს ჟუჟუნა და ნახევრად სავსე სათლიდან ქათმებს წყალს უსხამს.

ჟუჟუნას, ასაკის მატებასთან ერთად, ჯანმრთელობის მდგომარეობაც ურთულდება, თუმცა ამის მიუხედავად, საოჯახო საქმეები მაინც მისი საზრუნავია – სახლის დალაგება, კერძის მომზადება თუ ტანსაცმლის რეცხვა. 

“ასაკთან ერთად, ჯანმრთელობაც დამიზიანდა. ჩვენს სოფელში აფთიაქი არ არის. არადა, მუდმივად მჭირდება წამლები და სოფელში ვერ ვყიდულობ, ჩემს შვილს მოაქვს ხოლმე ქალაქიდან”.

ჟუჟუნა ამბობს, რომ საკუთარი თავის მოვლას დიდ დროს ვეღარ უთმობს, მისი ერთადერთი საზრუნავი სახლის საქმეების დროულად გაკეთებაა.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.