ხაშურის მოსახლეობა ქალაქის კლინიკებში სამშობიარო ბლოკის აღდგენას ითხოვს. მათი თქმით, ხაშურის სასწრაფო დახმარების მანქანებს მშობიარეების სხვა ქალაქებში გადაყვანა უწევთ.
“მიიღეთ ზომები, აღადგინეთ სამშობიარო განყოფილება ავექსის საავადმყოფოში და შეიცოდეთ ხაშურში მცხოვრები მომავალი დედები .ხაშურის სასწრაფოს უწევთ მშობიარე ქალების გადაყვანა ბორჯომში, ქარელში გორში და თბილისში. თუ ევექსის კლინიკა ვერ გახსნის სამშობიარო ბლოკს, იქნებ “გორმედის” საავადმყოფომ მოახერხოს ეს”, – აცხადებს ზურაბ დავითულიანი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელის გიორგი ცერცვაძის განმარტებით, კერძო კლინიკამ სამშობიარო ბლოკი 3 წლის წინ გააუქმა.
“კერძო კლინიკაა და მერია ვერ მოსთხოვს შესაბამისად სამშობიაროს აღდგენას, თუმცა მოქალაქეები თუ მოგვმართავენ წერილით, ვალდებული ვიქნებით რეაგირება მოვახდინოთ და მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს მივმართოთ და შუამდგომლობა გავუწიოთ აღნიშნულ საკითხს”, – აცხადებს გიორგი ცერცვაძე.