ადამიანები

„ქალებმა ყველა სფეროში მიაღწიეს წარმატებას” – 3 პოლიციელი ქალი ხაშურიდან

“სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში შემოსულებს ბარიერთან მორიდებულად მომღიმარი, ახალგაზრდა ფორმაში გამოწყობილი ქალბატონი დაგვხვდა, მეორე დღეს – მეორე ქალბატონი, ისიც გვიღიმოდა და ჩვენს საპასუხო ემოციას მოუთმენლად ელოდა”, – ასე შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში დაცვის პოლიციის ახალ თანამშრომლებს.

ლანა ბოღიშვილმა და თამარ ბარბაქაძემ სულ ახლახანს დაიწყეს დაცვის პოლიციაში მუშაობა. ისინი ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობას იცავენ.

“ჩვენი რეაქცია, რა თქმა უნდა, პოზიტიური იყო, ძალიან გაგვიხარდა და სულაც არ გაგვკვირვებია. საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული მეტი ქალი დღეს ხომ სახელმწიფო მიდგომაცაა და რეალობაც, რომ ქალებმა ყველა სფეროში წარმატებებს მიაღწიეს”, – ამბობს ხაშურის საკრებულოს თანამშრომელი ირინა გოცირიძე, რომლის ავტორობითაც ქალი პოლიციელების შესახებ, ვრცელი ტექსტი საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“მოზაიკა” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ირინა გოცირიძე გვიყვება 3 პოლიციელი ქალის შესახებ ხაშურიდან:

ლანას და თამარის პირადი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს, ორივესთვის პოლიციელობა და პოლიციელის ფორმა ბავშვობიდან პატრიოტიზმთან ასოცირდებოდა, თამარს მამა სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო აკადემიაში ჩაბარებას სთხოვდა, თხოვნა ვერ შეუსრულა, მაგრამ დაცვის პოლიციის თანამშრომელი გახდა. ლანას პოლიციელის პროფესია ყოველთვის იზიდავდა, ბედნიერია, რომ მეუღლე და ოჯახი წუთითაც არ შეწინააღმდეგებია ოცნების განხორციელებაში. ორივეს გაუმართლა იმაშიც, რომ დაცვის სამსახურში ვაკანსია გაჩნდა და ქალბატონების განაცხადიც დაკმაყოფილდა. დღეს სრულყოფილ, საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანებად მიაჩნიათ თავი, უხარიათ სამსახურში მოსვლა, აქ სითბოს, სიყვარულს ახვედრებენ, თავადაც გამოხატავენ იგივეს. არ დამალეს თავიანთი განსაკუთრებული პატივისცემა საკრებულოს თავმჯდომარის ნინო ლიპარტელიანის მიმართ, ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულეაო, გაგვენდნენ.

კიდევ გვყავს პოლიციელი ქალბატონი სურამის პოლიციის განყოფილებაში – ქეთევან ხარაზიშვილი, ის 2005 წლიდან მუშაობს სისტემაში, არის პოლიციის მაიორი, უბნის უფროსი ინსპექტორ – გამომძიებელი. იმ პერიოდისთვის ქალის პოლიციელობა შედარებით უცხო ხილი იყო. როგორც ქეთი აღნიშნავს, თავიდან გაოცებას ვერ მალავდნენ ვერც კოლეგები, ვერც მოქალაქეები, ოჯახიდან მამამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, უფრო მეტიც, შვილის ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა.

ქეთევანი დასაოჯახებელია, ლანა და თამარი – დაოჯახებული, ჰყავთ მეუღლეები და ორ – ორ შვილსაც უზრდიან სამშობლოს.

ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.