ადამიანები ისტორიები

61 წლის ქალი, რომელმაც 20-მდე ძაღლი შეიფარა

ავტორი: ნათია ქუჯოშვილი

ბობი, ყეფურა, ბომბორა, მურია, დელფუშა, ბასარა, დოდი, შხარა, ჯესი, ბელკა, მიკი, ლედი, ბუთო, – ეს სახელები 61 წლის ქალმა იმ ძაღლებს დაარქვა, რომლებსაც წლებია საკუთარ ეზოში იფარებს.

მანანა კორინთელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ცხოვრობს და ეზოში 20-მდე ძაღლი ჰყავს. მანანა ამბობს, რომ პირველი ძაღლი ქუჩაში იპოვა და მისი გამოკვება გადაწყვიტა. მას შემდეგ, ძაღლები გამრავლდნენ და მათთვის შესაბამისი სახელების მოფიქრებაც მოუწია.

“სამი მურა მყავს, მიკი, დოდი… ყველას ადვილად ვარჩევ, ერთმანეთში არ მერევიან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათთგანი ერთმანეთს ძალიან ჰგავს”, – ამბობს მანანა.

მანანა იხსენებს, რომ მანამდე ძაღლი არასდროს ჰყოლია, პირველი ძაღლი კი, რომელიც ქუჩაში ნახა, მშიერი იყო, შეეცოდა და უყურადღებოდ ვერ დატოვა.

“მშიერი დადიოდა და საჭმელს ეძებდა, შემეცოდა და მოვიყვანე ჩემთან. შემდეგ ლეკვები გააჩინა, მერე სხვა ძაღლებიც მოვიდნენ და ასე გამრავლდენ”, – გვიყვება მანანა.

მანანა ამბობს, რომ მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და მათ მოვლას ყველაზე დიდ დროს უთმობს.

“ისეთი მოსიყვარულეები არიან ჩემს მიმართ, რომ ჩემს გარეშე არ შეუძლიათ. ერთ-ერთს ფეხი მოსტყდა, მანქანამ გადაურა, ვუმკურნალე და მოვარჩინე, რომ არ მიმეხედა, რა ეშველებოდა”, – გვეუბნება მანანა.

მისი თქმით, მისი შემოსავალი სრულად ძაღლების გამოკვებასა და მკურნალობას ხმარდება.

“პენსიის გარდა, სხვა შემოსავალი არ მაქვს. ამათთვის ვყიდულობ საჭმელს, სხვა სახის დახმარება არ გამაჩნია”, – ამბობს ის.

მანანა ამბობს, რომ იმ ადამიანებისადმი, ვინც ცხოველს ქუჩაში უშვებს, კანონი უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს, ან შეიქმნას შესაბამისი დაწესებულებები, სადაც ქუჩაში გამოშვებულ ცხოველებს სათანადოდ მოუვლიან.

ძალიან ცუდია, როცა ცხოველს გარეთ უშვებენ და ბედის ანაბარა ტოვებენ. ძალიან უმწეოები არიან, თუ თავშესაფარი იქნება ყველაფრით უზრუნველყოფილი, შეიძლება იქ გაუშვა ადამიანმა, მაგრამ ქუჩაში რა უნდა ქნას”, – ამბობს მანანა.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.