განტვირთვა

რას ვნახავთ კასპში – 10 ტურისტული ადგილი მუნიციპალიტეტიდან

კასპი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია ისტორიული ძეგლების სიმრავლით. რას ვნახავთ კასპში – “მოზაიკა” გთავაზობთ იმ ძეგლების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობენ.

მასალა მომზადებულია Georgian Travel Guide-ზე დაყრდნობით.

1. რკონის ციხე 

რკონის ციხე მაღალი მთის ფერდობზე, რკონის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს. ძეგლი VIII საუკუნის შუა ხანებით თარიღდება და მთლიანად ნატეხი ქვითაა ნაგები. რკონის ციხის კომპლექსი გალავანს, ეკლესიას, კოშკს, სადაზვერვო კოშკსა და სასახლეს მოიცავს. იგი ძალიან რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილია შედარებით შევაკებულ ადგილას განლაგებული.


2. თამარის ხიდი რკონში

რკონის ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული და XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ნახევარწრიული ხიდი ერთ მთლიანობას წარმოადგენს და 12,5 მეტრი სიგრძისაა, სიგანე კი 2,2მეტია. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა და ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. იგი შემორჩენილია თავდაპირველი სახით და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.


3. დრისის ჯავახაანთ ციხე

დრისის ჯავახაანთ ციხე მდებარეობს მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე. კომპლექსი ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან შედგება. ციხე XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ​დრისის ციხეზე ასვლა შესაძლებელია აღმოსავლეთის მხრიდან ტყეში მიმავალი ბილიკის საშუალებით, ასევე დასავლეთიდან, თუმცა ეს გზა გაცილებით რთულია.


4. ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი

კომპლექსი მდინარე ლეხურას შუა წელში მდებარეობს და ნაგებობათა ანსამბლს წარმოადგენს. ანსამბლი შედგება სამი კომპლექსისაგან: მთავარი ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი სამრეკლო, სასახლე), მეორე ციხე დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი. მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით აბანოცაა. ნაგებობები XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ნაშენია ძირითადად რიყის ქვით, ინტერიერებში გამოყენებულია აგური და თლილი ქვაც.


5. თავკავთას ციხე

ციხე მდებარეობს მდინარე კავთურასა და ბოტისისწყლის გამყოფი ქედის კონცხზე, თანამედროვე სოფელ წინარეხის სამხრეთით, 7 კმ-ის დაშორებით. კავთის ციხეს დღეს თავკავთას უწოდებენ. ციხის (70X25 მ) გალავანი კონცხის რელიეფს მიჰყვება. ნაგებია ფლეთილი ქვიშაქვითა და აგურით. გალავანი გამაგრებულია ნახევარწრიული კონტრფორსებით. ნაგებობა შედგება ზედა და ქვედა ციხისაგან, რომელთა ტერიტორიაზე შეიმჩნევა სხვადასხვა შენობის კვალი. ციხე თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.


6. ნოსტეს ჩანჩქერი

ნოსტეს ჩანჩქერი სოფელ ნოსტეში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე. ჩანჩქერი სიმწვანეშია ჩაფლული და ძალიან ლამაზ სანახავია. სოფელ ნოსტეში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ გიორგი სააკაძის კოშკი, სააკაძეების ნასახლარი და წმ. გიორგისა და სამების ეკლესიები.


7. ცხავერის ჩანჩქერი

ცხავერის ჩანჩქერი სოფელ ცხავერში მდებარეობს, მდ.ურბეხანზე, ცხირეთის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე.  აქ 1,5 კმ-ის რადიუსში რამდენიმე ჩანჩქერს შეხვდებით.  აქვე შეგიძლიათ ცხირეთის ციხის მონახულებაც, რომელიც ცხავერის ჩანჩქერიდან დაახლოებით 700 მეტრითაა დაშორებული.


8. სხვილოს ციხე

სხვილოს ციხე სოფელ ქვემოჭალასთან ახლოს მდებარეობს. სხვილოს ციხე-დარბაზი შედგება შემდეგი ნაგებობებისგან: გალავანი, მთავარი კოშკი, კოშკი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, წყალსაცავი. ციხე ნაგებია რიყის ქვით. სხვილოს ციხის კომპლექსს მაღალი, სქელკედლიანი, ქონგურებიანი გალავანი აქვს შემოვლებული, რომელზეც გარედან მიშენებულია შვიდი ბურჯი.


​9. მაღალაანთ კოშკი

მაღალაანთ კოშკი სოფელ წინარეხთან ახლოს მდებარეობს. იგი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსის ნაწილია, შემაღლებაზე დგას და კომპლექსს გადმოჰყურებს. მაღალაანთ კოშკი 1679 წლით თარიღდება. ნაგებობა ოთხსართულიანია, მშენებლობაში გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგური. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, გადახურვა მხოლოდ მეოთხე სართულს აქვს შემორჩენილი, კარ-სარკმლებს ფორმა დაკარგული აქვთ. ნაგებობას მეხუთე გადაუხურავი სართულიც ჰქონია. ყოველ სართულზე სათოფურებია. მეორე და მეოთხე სართულებზე არის ბუხრები. სამხრეთ-დასავლეთ ფასადზე ჩართულია წმინდა გიორგის გამოსახულება, რომელიც გველეშაპს თრგუნავს და სხვა რელიეფები. მეოთხე სართულის აგურის კამარა თითქმის ძირიდანვე იწყება და აგურისავე თაღებს ეყრდნობა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიწის დონეზე გაჭრილია შესასვლელი. კოშკს სალოდეები აგვირგვინებს.


10. შერვაშიძეების საგვარეულო კოშკი

შერვაშიძეების საგვარეულო კოშკი სოფელ სასირეთში მდებარეობს. იგი XVII საუკუნით თარიღდება, ნაგებია რიყის ქვით და დანგრეული ციხის ერთ-ერთ კოშკს წარმოადგენს. ინტერიერში გამოყენებულია აგური. მესამე სართული ნაწილობრივ ჩამონგრეულია. ინტერიერი სამივე სართულზე შელესილია. სართულშუა გადახურვები გუმბათოვანია.

დატოვეთ კომენტარი