ახალი ამბები

“ძმების წყარო” – გორში კერესელიძეების სახელობის წყარო მოაწყეს

გორში კომბინატის ცენტრალურ გამზირს, რომ გაუყვებით თქვენს მხედველობას არ გამორჩება ლამაზი ქვებით აშენებული წყარო, რომელიც ფერად – ფერადი ყვავილებით მოწყობილ სკვერში აშენდა. რამოდენიმე დღეა რაც ამ ადგილის მოპირკეთება დასრულდა.

ადგილობრივების თქმით, წყარო გარდაცვლილი ძმების ვასიკო და დათო კერესელიძეების სახელობისაა.

“ბიჭები ამ ქუჩაზე და ამ ეზოში გაიზარდნენ, ამიტომ დედას უნდოდა, რომ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, წყარო გაეკეთებინა”, – ამბობენ ეზოს მაცხოვრებლები.

როგორც ისინი ამბობენ, ბიჭების დედას მეზობლებიც მიეხმარნენ. 

“ეს ჩვენი საყვარელი, ძმების წყაროა, მათი დედა ციალაა ამ ყველაფრის ორგანიზატორი”, – გვეუბნება ლია კიკნაძე.

“ვხედავდი როგორ გულით მუშაობდნენ მაგ ბინის მოსახლეები. ეს ორი ახალგაზრდა ბიჭის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაკეთდა”, – ამბობს ქეთევან გიგაშვილი.

“ძმების წყარო” – ასე შეარქვეს გორელებმა მშვიდობის გამზირზე მოწყობილ წყაროს და სოციალურ ქსელში ადგილის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნეს. როგორც ისინი ამბობენ, ეს მხოლოდ გარდაცვლილი ბიჭების პატივისცემა კი არა, საკუთარ ქალაქზე ზრუნვაც არის. 

“მშვენიერი წყარო გააკეთეს. ვისურვებდი, რომ ყველას ასე ეზრუნოს თავისი ქალაქის კეთილმოწყობაზე. ახლა ვფიქრობ, მე რა შეიძლება გავაკეთო ჩემ ქუჩაზე”, – წერს ალექსი ჯიოშვილი.

დატოვეთ კომენტარი