სტატიები

რა ცვლილები განხორციელდება ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე ცვლილების განხორციელებას გეგმას.

ერთ-ერთი ქუჩა, სადაც მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს, რუსთაველის ქუჩაა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად, არ არსებობს. არ არის გამოყოფილი ტროტუარი სამანქანო გზისგან, რუსთაველზე 2 საჯარო სკოლაა და არცერთი სიჩქარის შემზღუდველი ე.წ მწოლიარე პოლიციელი არ არის დამონტაჟებული”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, თამაზ თინიკაშვილი.

მოქალაქეების მოთხოვნის საპასუხოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა ქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობის განსამუხტად და უსაფრთხოებისთვის გარკვეული ღონისძიებები გაატაროს.

როგორც ცნობილია, მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

“მერიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, გადაწყდა, რუსთაველის და მიმდებარე სააკაძის ქუჩის ცალმხრივი გახდება. ასევე, ლომოურის და 26 მაისის ქუჩების ნაწილობრივი ცალმხრივი გახდება”, – განმარტავს მერია.

უწყების ინფორმაციით, შეიცვლება სააკაძისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებული შუქნიშნის რეჟიმი, ხოლო ტაბიძის ქუჩაზე, პირველ საჯარო სკოლასთან დამონტაჟდება გამოძახებითი შუქნიშანი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე დეტექტორებით, რაც საშუალებას მისცემს ფაზების ხანგრძლივობა ნაკადების შესაბამისი ოპტიმალური რეჟიმით იმართოს.

“დაგეგმილია შესაბამისი საგზაო ნიშნების დამონტაჟებაც. ამავე ტერიტორიაზე დამონტაჟდება 2 ერთეული გზის ხელოვნური უსწორმასწორობა შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით”, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.

აღნიშნულ ქუჩებზე ასევე დამონტაჟდება შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებიც.

“ტაბიძისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე დაპროექტებულია წრიული (ოვალური) კვანძი, ხოლო სააკაძის ქუჩის მონაკვეთი წრიული კვანძიდან რუსთველის ქუჩამდე ცალმხრივი გახდება ტაბიძიდან რუსთაველის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯამში დამონტაჟდება 6 ერთეული გზის ხელოვნური უსწორმასწორობა შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, რუსთაველის ქუჩის შუა წელიდან სატრანსპორტო ნაკადი ცალმხრივად შევა ლომოურის ქუჩაზე 180 მეტრ მანძილზე. შემდგომ მონაკვეთზე ლომოურის ქუჩა დარჩება ორმხრივი.

ამჟამად, ხაშურის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული რუსთაველის, ფარნავაზის, აღმაშენებლის და ტაბიძის ქუჩების საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების მოწყობის სამუშაოების შესასყიდად, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 735 461 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტში 100 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.