ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია შეჩერებულია. მერიის განმარტებით, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიას ამის გამო დაეკისრა ჯარიმა.
აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დაიწყო, სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას “ინშაათ საქართველოს” გაუფრომა და ბიუჯეტიდან 904 313 ლარი გამოყო.
ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას სამუშაოების პირველი ნაწილი 2020 წელს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა შეესრულებინა, მეორე ნაწილი კი 2021 წელს, 91 დღეში.
საბოლოდ, კომპანიას 904 200 ლარის ხელშეკრულება გაუფორმდა. აქედან ხაშურის მერიამ ნაწილი თანხა 539`249 ლარი (60%) კომპანიას გადაუხადა.
ორი წლის განმავლობაში, ხელშეკრულებაში 15-ჯერ შევიდა ცვლილება. ბოლო ცვლილება მიმდინარე წლის 21 იანვარს შევიდა და ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2022 წლის თებერვლამდე.
“ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაში მონაწილე სამშენებლო კომპანია “ინშაათ საქართველოს” ხელშეკრულება შეუჩერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა ჯარიმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაცის მომზადება და ხელახალი ტენდერის გამოცხადება”, – ამბობს თათია ძინძიბაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
მერიაში განმარტავენ, რომ ხელახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ, გარდა დაგეგმილი სამუშაოებისა, რემონტი ჩაუტარდება იმ ფლიგელს, რომლის რეაბილიტაციაც ორი წლის წინ გათვალისწინებული არ იყო.
“პროექტის ფარგლებში მოხდება კულტურის სახლის დარბაზის დასრულება, გარდა ამისა მოხდება იმ ფლიგელების რემონტი, რომელიც წინა ტენდერის დროს გათვალისწინებულიც არ იყო, ჩატარდება დარბაზის შიდა სივრცის მთლიანი რემონტი”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში.