„სასურველია სკოლებთან წესრიგის მარეგულირებელი საგზაო ნიშნები განთავსდეს”, – ამის შესახებ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხაშურსა და სურამში სკოლების უმეტესობასთან განთავსებულია უსაფრთხოების ბარიერები ე.წ მწოლიარე პოლიციელები
“მივესალმები ნებისმიერ აქტივობას, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის ფიზიკურ უსაფრთხოებას. სასურველი იქნება, საჭიროებისამებრ, სხვა სკოლებთანაც მოეწყოს სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები, სადაც არ არის განთავსებული ვიდეო მონიტორინგის სისტემა ჯარიმის დაფიქსირების ფუნქციით, ე.წ მწოლიარე პოლიციელი არის საუკეთესო გამოსავალი. გარდა ამისა, სასურველია სკოლებთან შესაბამისი წესრიგის მარეგულირებელი ნიშნებიც განთავსდეს, როგორიცაა სიჩქარის შეზღუდვის, ბავშვების, ზებრა გადასასვლელის მანიშნებელი”, – განაცხადა ზვიად გოგუაძემ.
ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსთაველის ქუჩაზე მე-2 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.