ისტორიები ისტორიული ძეგლები

10 საინტერესო ფაქტი სურამის ციხის შესახებ

სურამი, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ და მხოლოდ დაბას წარმოადგენს. იგი უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისაგან შედგება, – უთქვამს ფრანგ მოგზაურს, ჟან შარდენს სურამის ციხის ნახვისას.

სურამში მდებარე ციხე საკუთარი ისტორიით მართლაც გამორჩეული ისტორიული ძეგლია. ამის დასტურად, “მოზაიკა” გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მის შესახებ:

სურამის ციხე საკუთარ ფუნქციას საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა და ამას დიდწილად მისი სტრატეგიული მდებარეობაც განაპირობებდა – ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.

მის მნიშვნელობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ძეგლზე კონტროლისთვის სხვადასხვა ჯგუფები იბრძოდნენ. მაგალითად, XVI-XVII საუკუნეებში სურამის ციხისთვის ერთმანეთს ოსმალები და სპარსები ებრძოდნენ. 1692 წელს კი ციხე თურქების ხელში იყო.

სურამის ციხეში რუსული გარნიზონიც მდგარა – გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, ქართველ მორიგეებთან ერთად აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს, თუმცა 1787 წელს რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სურამის ციხიდან რუსული გარნიზონი გაიწვიეს. 1791 წელს კი, ერეკლე მეორის ანდერძში სურამის ციხე კვლავ საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული.

XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სურამის ციხე ზემო ქართლში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტი იყო, თუმცა 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ, სურამის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან მას გამოეცალა ის ფუნქცია, რისთვისაც იგი ააგეს ამ ადგილას. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწიეს და სურამის ციხე დარჩა საქართველოს წარსულის ერთ-ერთ მოწმედ.

უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, რომ ციხის უძლეველობის მიზეზი მასში ცოცხლად ჩაყოლებული დედისერთა ვაჟია.

ეს ლეგენდა უდევს საფუძვლად დანიელ ჭონქაძის “სურამის ციხეს”, სადაც ვკითხულობთ, რომ ციხის ერთ კედელში დედისერთა ვაჟი, ზურაბია ჩაშენებული. რომ თითქოს იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი.

დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხედვით, გადაღებულია 2 მხატვრული ფილმი – პირველი 1922 წელს გადაიღო რეჟისორმა ივანე პერესტიანმა, მეორე 1984 წელს გადაიღო სერგო ფარაჯანოვმა.

ლეგენდის მიხედვით ლექსიცაა შექმნილი: „სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო.“

აღსანიშნავია, რომ ძეგლი პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი – ძეგლი, რომელიც აშენებული უნდა იყოს XII-XIII საუკუნეებში, კაპიტალურად XVI საუკუნის II ნახევარში შეკეთდა. ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში.

ციხე, რომლის ფართობი 1200 მ², ორი ნაწილისაგან შედგება: ციტადელი და ქვედა ეზო. შიდა ციხეს უჭირავს მთის ზედა ნაწილი, ქვედა ეზოს კი მთის ფერდობები. მთლიანობაში კი, ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე.

დატოვეთ კომენტარი