„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში ხაშურისა და ქვიშხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ახალგაზრდებმა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მისი სარგებლის შესახებ.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარა წულეისკირმა გახსნა.
“იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ცოდნით აღჭურვა და ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე პროცესებისა და ხელშესახები სიკეთეების, მაგალითად ევროპული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. ასევე მნიშვნელოვანია დეზინფორმაციული ნარატივების განხილვა და მათი გაქარწყლების არგუმენტაციის მიწოდება, რათა ახალგაზრდები გახდნენ ჩვენი ევროპელი ელჩები უფროს თაობასთან “. -განაცხადა თამარა წულეისკირმა.
შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების დამსწრე 50-მდე მოსწავლეს ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს”ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო და ამ მიმართულებით მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება.