ბლოგები

როგორ გავხდი FLEX-ის ფინალისტი?

ავტორი: სალომე პავლიაშვილი

ოთხი აპრილი იყო, ორშაბათი, სკოლიდან სახლში დაღლილი დავბრუნდი, მამა  სახლის ეზოში დამხვდა და უჩვეულო  ემოციით მითხრა:  სალომე, დედაშენი საშინლად გაბრაზებულია შენზე! – გამიკვირდა, წამიერად ყველაფერი გამახსენდა, რაც კი ცხოვრებაში დამიშავებია, თუმცა იმ დღეს რას უნდა გაებრაზებინა, ვერაფრით მივხვდი. საყვედურების მოლოდინით, დაძაბული და შეშინებული შევედი ოთახში,  დედა ბედნიერი სახით შემეგება და მახარა: ფლექსის პროგრამის წარმომადგენლობამ დარეკა, ფინალისტი გახდი.

მამას ხუმრობით დაბნეულმა ვეღარც  დავიჯერე, ბევრჯერ გავამეორებინე დედას, ათას კითხვას ვუსვამდი: ვინ დარეკა? რა თქვა? როგორ თქვა? არ ვჩერდებოდი, მართლა მე შემარჩიეს? სწორად გაიგე? ბოლოს ყველაფერი რომ გავაცნობიერე,  სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი!

 რა არის  FLEX?

FLEX- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლების და კულტურის საქმეთა ბიუროს  კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მხარს უჭერს საქართველოს განათლების სამინისტრო. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მონაწილეებს შესაძლებლობა გვეძლევა ერთი წლით ვისწავლოთ ამერიკულ სკოლაში და  ამერიკულ ოჯახებში ვიცხვროთ.

როგორ მივიღე კონკურსში მონაწილეობა?

ერთი წლის წინ, მეათე კლასში ვიყავი, საკონკურსო პროგრამაში პირველად რომ მივიღე მონაწილეობა. მაშინ ვერ გავხდი ფინალისტი. ახლა უკვე მეორედ  მონაწილეობა ისევ  დედას რჩევით გადავწყვიტე.  დედა მასწავლებელია და აქტიურად ადევნებს თვალყურს საგანმანათლებლო სიახლეებს. სიმართლე გითხრათ, წარმატების იმედი საერთოდ არ მქონდა, თუმცა დიდ ქალაქებთან შედარებით, იმდენად ნაკლებად ხელმისაწვდომია ჩვენთვის საკონკურსო პროექტები, ვიფიქრე, გამოცდილებას მაინც მივიღებ-მეთქი და დავრეგისტრირდი.

კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა: პირველი – ტესტირება, მეორე – თემები ინგლისურად, მესამე – ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ.

სალომე დედასთან ერთად

 როგორ მივაღწიე წარმატებას?

პირველი ორი რაუნდი მარტივად გადავლახე. ყველაზე რთული და საინტერესო ინტერვიუს ნაწილი იყო. გასაუბრების დროს არავინ ამბობს, რა მოეწონათ და რა – არა. მეც  ზუსტად  არ ვიცი, რა ნიშნით შემარჩიეს, თუმცა მგონია რომ გულწრფელმა პასუხებმა ითამაშა დიდი როლი და ჩემმა ფსიქოლოგიურმა მზაობამ. მე სრულად გაცნობიერებული მქონდა კონკურსში მონაწილეობის დროსაც კი, რომ ერთი წლით  ჩემი ოჯახის, მეგობრების, ნათესავების  და ჩემი სკოლის გარეშე მომიწევდა ცხოვრება. ამიტომ ყველა კონკურსანტს ვურჩევ, ინტერვიუსთვის კარგად მოემზადონ, რათა მაქსიმალურად თავისუფლები იყვნენ კომუნიკაციის პროცესში .

მიხარია რომ 16 წლის ასაკში შევძელი და რჩეულთა შორის მოვხვდი. ამაში დიდი როლი აქვს   “ბესიკ ნიპარიშვილის სკოლა გიმნაზიას“,  ჩემს ოჯახს, მასწავლებლებს, ჩემს მეგობრებს, ასევე  ჩემს ბიძაშვილ გვანცას, რომელიც ტესტირების ყველა ეტაპზე გვერდში მედგა და მამხნევებდა.

მინდა უფრო მეტი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ტარდებოდეს ჩემს მუნიციპალიტეტში, უამრავი აქტიური და ნიჭიერი ახალგაზრდაა ჩვენთან, თუმცა სკოლის გარეთ, კასპში რეალიზების შესაძლებლობა, თითქმის არ გვაქვს.

დატოვეთ კომენტარი