ახალი ამბები

ხაშურის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება – მერია

“ხაშურში, საავტომობილო და ქვეითთა ნაკადების გაზრდამ დღის წესრიგში დააყენა საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების საკითხი”, – აღნიშნულ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მერიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, გადაწყდა, რუსთაველის და მიმდებარე სააკაძის ქუჩის გაცალმხრივება. ასევე, ლომოურის და 26 მაისის ქუჩების ნაწილობრივი გაცალმხრივება”, – განმარტავს მერია.

უწყების ინფორმაციით, შეიცვლება სააკაძისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებული შუქნიშნის რეჟიმი, ხოლო ტაბიძის ქუჩაზე, პირველ საჯარო სკოლასთან დამონტაჟდება გამოძახებითი შუქნიშანი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე დეტექტორებით, რაც საშუალებას მისცემს ფაზების ხანგრძლივობა ნაკადების შესაბამისი ოპტიმალური რეჟიმით იმართოს. დაგეგმილია შესაბამისი საგზაო ნიშნების დამონტაჟებაც. ამავე ტერიტორიაზე დამონტაჟდება 2 ერთეული გზის ხელოვნური უსწორმასწორობა შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით.

“ტაბიძისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე დაპროექტებულია წრიული (ოვალური) კვანძი, ხოლო სააკაძის ქუჩის მონაკვეთი წრიული კვანძიდან რუსთველის ქუჩამდე გაცალმხრივდება ტაბიძიდან რუსთაველის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯამში დამონტაჟდება 6 ერთეული გზის ხელოვნური უსწორმასწორობა შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, რუსთაველის ქუჩის შუა წელიდან სატრანსპორტო ნაკადი ცალმხრივად შევა ლომოურის ქუჩაზე 180 მეტრ მანძილზე. შემდგომ მონაკვეთზე ლომოურის ქუჩა დარჩება ორმხრივი.

“გაცალმხრივდება 26 მაისის ქუჩის ბოლო 150 მეტრიანი მონაკვეთი ყაზბეგის ქუჩის კვეთიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით. ფარნავაზის ქუჩაზე უსაფრთხო მოძრაობისთვის დაპროექტებულია ორი 3 მეტრიანი სიგანის სავალი ზოლი. იმოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა 50კმ/სთ-მდე. დამონტაჟდება ერთი გზის ხელოვნური უსწორმასწორობა შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით”, – განმარტავს უწყება.

ასევე, აღმაშენებლის ქუჩაზე დაპროექტებულია ორი 3,25 და 3.5 მ სიგანის სავალი ზოლი. იმოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა 50კმ/სთ-მდე. დამონტაჟდება 2 გზის ხელოვნური უსწორმასწორობა შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით.

როგორც ცნობილია, საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტი მომზადებულია საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.