ავტორი: ლელა ხარატიშვილი
30 წლის წინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს უფროსი თაობის ბრძოლა, ეროვნული მოძრაობა, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა დღემდე გრძელდება და ჩვენმა თაობამ ეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. უფროსი გოგონა 19 წლისაა, სტუდენტია, მისი ნატვრაა პერსპექტივებით სავსე, თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, სადაც ადვილი იქნება მიღებული განათლების რეალიზაცია. მგონია, რომ იგივე ნატვრა აქვს ბევრ ახალგაზრდას და ამისთვის ბრძოლის სურვილით ჩავები მეც პოლიტიკაშიც.
როდის დავფიქრდი პოლიტიკაში წასვლაზე?
მეუღლე წლებია აქტიურადაა ჩაბმული პოლიტიკურ პროცესებში. ის ორჯერ იყო მერობის ოპოზიციური კანდიდატი. ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიაში მიწევდა მის გვერდით დგომა, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა – გავიცანი უამრავი აქტიური, საინტერესო ადამიანი; მეტად დავინახე რაიონში მცხოვრები ქალების პრობლემებიც და მივხვდი, რომ მხოლოდ მეუღლის გვერდში ყოფნა არ იყო საკმარისი და მეც ჩემი მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შემეტანა პოლიტიკურ ცვლილებებში. 2021 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვყოფილიყავი ხაშურის ორი დიდი დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის ქალი კანდიდატი.
თანაბარ პირობებში ვიბრძოლე?
სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდი წინასააღჩევნო კამპანისას – როცა ამომრჩევლებთან შეხვედრის ფოტოები ფეისბუქზე განვათავსე, მირეკავდნენ მოქალაქეები და მორიდებით მთხოვდნენ ფოტოების აღებას, მეუბნებოდნენ, რომ ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა მუქარა და სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ.
ვთვლი, რომ ჯანსაღი კონკურენციის და თავისუფალი არჩევანის პირობებში შევძლებდი მიმეღო ბევრად მეტი ხმა, თუმცა მადლობელი ვარ ჩემი ნამდვილი, მოუსყიდავი 31%-ის, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, ვიყო საკრებულოს წევრი პროპორციული სიით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ორი კომისიის – სოციალურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის წევრი.
რას შეცვლის მეტი ქალი პოლიტიკაში?
ბევრი განათლებული და მოაზროვნე ქალია, რომელიც მხოლოდ დიასახლისის ფუნქციით შემოიფარგლება. დარწმუნებული ვარ, მათი გააქტიურება ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ქალმა ზედმიწევნით იცის ოჯახის საჭიროებები, რადგან სწორედ ისინი არიან აქტიურად ჩართულები ბავშვების აღზრდა-განვითარების თუ მოხუცებზე ზრუნვის პროცესში. კვლევების შედეგად, მოლაპარაკების პროცესებშიც ქალებს აქვთ უკეთესი შედეგები. კვოტირების სისტემა მეტი ქალის გააქტიურების იმედს მაძლევს.
რა არის გამოსავალი?
პროფესიით პედაგოგი გახლავართ და ვთვლი, რომ გამოსავალი განათლებაშია. სამოქალაქო განათლებას უდიდესი ყურადღება უნდა ექცეოდეს და სანიმუშო მოქალაქის ჩამოყალიბება სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.