ადამიანები ისტორიები

როდესაც პოეზია ხდება გამოსავალი – ქეთი ჯოლბორდი პოეზიაზე

ავტორი: ეთო დურული

“პოეზია არაა და ვერც იქნება გამოგონილი სამყარო, რადგან შენ ხარ ეპიცენტრი, დროში მონაწილეობ, სუნთქავ, ხელით ეხები და გრძნობ სიტყვებს”.

ქეთი ჯოლბორდმა ლექსების წერა 18 წლის ასაკიდან დაიწყო. როგორც ამბობს, პოეზია მისთვის მძაფრ ემოციებთან და გრძნობებთან ასოცირდება, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება.

„პოეზია, ჩემი აზრით, დამყარებულია რეფლექსიაზე, რადგან პოეტი მუდმივად ასახავს თავის განწყობებს. ამიტომაც განცდებმა პოეზიაში იპოვეს გზა. შესაძლოა, ეს არის კიდეც ეგოიზმის გამოვლინება, რასაც იმ დროს სულიერი მდგომარეობა გკარნახობს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც პოეზია ხდება გამოსავალი“.

შთაგონება

შთაგონებას მაძლევს თავისუფალი და მრავალფეროვანი სამყარო – გემო, სურნელი, მუსიკა… ეს ყველაფერი გამოგზაურებს დროში, ატარებს და ინახავს ემოციებს.

პიროვნული გარდატეხა

“ეს იყო ცხოვრებისეული მომენტი, როდესაც დედა გავხდი და ამ ემოციამ უდიდესი პიროვნული გარდატეხა მოახდინა ჩემში. შვილის დაბადების შემდეგ, ქალი თვითონაც ახლიდან იბადება, უკვე განსხვავებული ბედნიერებით მოცული. ამ დროს უკეთ იცი, ემოციას როგორ უნდა გამოსდო პასუხისმგებლობის სადავეც.”

ცხოვრების მასწავლებელი

“ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელი არის გამოცდილება.”

რას ამოვიკითხავთ ქეთი ჯოლბორდის ლექსებში?

რეალური სამყარო ძალიან ძალიან დაშორდა ესთეტიკას. არადა, ხომ შეიძლება, რომ ყოველი ამოსუნთქვა ქოშინს კი არა, ყვავილების ამოსუნთქვას ჰგავდეს. ამიტომ ყველა ნეგატივმა, ტკივილმა და უსიამოვნო მომენტებმა უნდა გაიაროს და მიიღოს სიმბოლისტური სახე. ჩემს ლექსებში არის ტკივილიც, ვინაიდან სიტყვამ აუცილებლად უნდა ზიდოს გარკვეული სიმძიმე და მისი ძალის შეფასება შეგვიძლია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეერწმება ის სხვის განწყობილებას. წერის პროცესში, ხანდახან გინდება სიტყვას მნიშვნელობა ამოაცალო და წარმოსახვითი უნარების სიმძაფრით მოიტანონ სხვა სინამდვილე.

სირთულეები

“არის ასეთი გამონათქვამი ,,წარმატება მოდის მაშინ, როცა მომზადება და შესაძლებლობა ერთმანეთს ხვდება” – ვითავისებ, ვეთანხმები აბსოლუტურად და მე მგონია, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია.”

სამომავლო გეგმები

“ამ ეტაპზე პოეზიასთან, როგორც ავტორის, ასევე ლიტერატორის აქცენტებით ვურთიერთობ. ახლო მომავალში ვგეგმავ ახალი პოეტური კრებულის მომზადებას.”


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.