ადამიანები ისტორიები

ფერმწერი აჭარიდან, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლაში ხელოვნებას ასწავლის 

ავტორი: თამთა შავაძე

“ხელოვნება ჩემთვის უსასრულობაა, უკვდავებაა, გართობაა, სილამაზის შეგრძნებაა”, – ასე გვითხრა რომან შავაძემ, რომელიც 15 წელია, წითელუბნის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. 

რომანი ამბობს, რომ ხატვის სიყვარულმა სკოლაც შეაყვარა. 

“ვცდილობ ხატვის სიყვარული მოსწავლეებშიც ჩავდო. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ჩემი საგნიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საყვარელი მასწავლებელი ვარ”, – ამბობს რომანი და სწავლების საკუთარ მეთოდზე გვიყვება, – “ვცდილობ სახალისო და საინტერესო ერთმანეთს შევუთავსო და ისე მივაწოდო ესა თუ ის თემა, არ მინდა, რომ სწავლის პროცესი იყოს მოსაბეზრებელი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მხიარული გაკვეთილები გვაქვს…”

სასკოლო სივრცის მიღმა, რომანი მოსწავლეებს საკუთარ სახელოსნოშიც ხშირად მასპინძლობს. სახლის ერთ ოთახში რომანს ფუნჯებთან, საღებავებთან და ტილოებთან ერთად, ხის ნაჭრები და სხვადასხვა ხელსაწყოებიც უწყვია. გვეუბნება, რომ ხატვის გარდა, დროდადრო ხეზეც მუშაობს. 

“სახლში ერთ-ერთი საუკეთესო ოთახია ჩემი სახელოსნო. აქ ვქმნი ჩემს ნამუშევრებს, ვისაც აინტერესებს მსტუმრობენ და ერთად ვქმნით ბევრ საინტერესო ნივთს, მოსწავლეებს უყვართ ამ სივრცეში მუშაობა, ვცდილობ ვიმეგობრო მათთან”.

მის ნამუშევრებში პეიზაჟები საგრძნობლად ჭარბობს. გვიხსნის, რომ ამას თავისი მიზეზი აქვს:

“საუკეთესო ბუნების წიაღში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ამიტომ პირველი ნახატიც მთა-გორიანი აჭარის პეიზაჟი იყო”.

რომანი წარმოშობით აჭარიდანაა, 1990 წელს მიწის ეროზიის გამო, აჭარის  დატოვება მოუხდა და ოჯახთან ერთად, გორში გადმოვიდა საცხოვრებლად. რომანმა განათლება ბათუმის უნივერსიტეტში მიიღო. ის პროფესიით ფერმწერია. 


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.