ბლოგები

ღია წერილი მძღოლებსა და გორი-თბილისის მინივენებზე

ოკრიბაში უკვე მცნობენ. ჩემს დანახვაზე, – გორი, გორიო, – დაიყვირებს ხოლმე  მინივენებს შორის ჩადგმულ რკინის პატარა სკამზე ჩამომჯდარი კაცი და მერე, ეგრევე ფეხზე დგება, რათა უახლოეს დროში გამსვლელ მანქანაში დამაბინაოს. 

უკვე რვა თვეა, თითქმის ყოველდღე მინივენით მგზავრობა მიწევს და ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ მგზავრობის დიდ ნაწილს მძღოლების და მგზავრების ურთიერთობებზე ფიქრში ვხარჯავ. 

მინივენში, რომელშიც ზოგჯერ მძღოლი, სართულებად სვამს მგზავრებს, მთელი ქვეყნის პრობლემების, სადარდებლების და გამოწვევების დანახვა შეიძლება. ხშირად მიფიქრია, რომ ეს ერთადერთი სივრცეა, სადაც ადამიანები ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობენ – ურეკავენ მონატრებულ შეყვარებულებს, საქმის გარჩევაში დახმარებას სთხოვენ ძმაკაცებს, ეჩხუბებიან ცოლებს, წუწუნებენ დაგვიანებულ ხელფასზე და განიხილავენ უცხოეთში წასული მეზობლის შემოსავლებს. მოკლედ, აქ ძალიან იშვიათად ამბობენ, – ახლა გზაში ვარ და ცოტა ხანში გადმოგირეკავ.

თითქოს მინივენში ყველაფერი მოსულა, მათ შორის ისიც, რომ თავი მძღოლმა ადამიანად კი არა, კარტოფილის ტომრად გაგრძნობინოს, რომელიც უბრალოდ მანქანის შესავსებად სჭირდება, რათა მერე სასურველ დროში, სასურველი სიჩქარით თბილისიდან გორში ან პირიქით, გორიდან თბილისში ჩააცუქცუქოს. ამ წერილში სწორედ მძღოლებზე მინდა საუბარი იმ იმედით, რომ მთავარ კითხვაზე ვიპოვი პასუხს, – როგორმ მოხდა, რომ კომფორტული მგზავრობის მიზნით შექმნილი სერვისი ნელ-ნელა ყველაზე არაკომფორტულად იქცა? 

მინივენით უკანასკნელად გუშინ ვიმგზავრე. ბოლო მგზავრი რომ მოვიდა,  მძღოლმა დაიყვირა, შევივსე, გავდივარო. მაგრამ უცებ ამ ახალმოსულმა, – ეს სკამი სველია, აქ ვერ დავჯდებიო, – დაიჩივლა. მძღოლმა კი, მოიცა კაცო, აი ეს დაიდე და დაჯექიო, – უთხრა და ჯიბეში ჩაკუჭული პარკი სახელდახელოდ გადაუფინა სკამზე. ბიჭი დაჯდა, ყველა დანარჩენმა კი ჩუმად ჩაიცინა. მეც არაფერი მითქვამს, რადგან საჭესთან მჯდომის განერვიულება მგზავრობის წინ უსაფრთხო არასდროს მგონია. 

მინივენით მგზავრობისას უსაფრთხოების შეგრძნებას ისედაც გაჭირვებით ვინარჩუნებ და ამის საკუთარი მიზეზი მაქვს – რამდენიმე წლის წინ, სწორედ ასეთი ტაქსით მოვყევი ავარიაში.  მძღოლს ჩასძინებიაო,  მითხრეს უკვე საავადმყოფოს პალატაში მწოლიარეს. იმ ავარიიდან გატეხილი ცხვირი და თავის ტრავმის გამო, ორ-კვირიანი წოლითი რეჟიმი შემრჩა. საჩივარი არ დამიწერია. შემეცოდა. 

ავარიას არა, თუმცა ავტობანზე გათოშვას თვალებში რამდენიმე კვირის წინაც ჩავხედე.  მანქანის ძრავი გაფუჭდა და  მიზეზის დადგენამდე, მგზავრებს თავის გართობა გზის პირას სეირნობით მოგვიწია. აქვე იმის აღნიშვნა,  რომ მგზავრობის თანხა ყველამ მაინც სრულად გადავიხადეთ, ალბათ საჭირო აღარაა. თითქმის ერთი საათის შემდეგ კი, მძღოლმა გვითხრა, თქვენს წასაყვანად სხვა მანქანა მოვაო.

ისე, მე თუ მკითხავთ, მძღოლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. არ ვიცი, რამდენად ხშირად ფიქრობენ ისინი ამაზე, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვიცით, რომ მანქანაში ჩაჯდომით, სხვის გონიერებას და უნარებს საკუთარ სიცოცხლეს ვანდობთ. საოპერაციო მაგიდაზე დაწოლისგან ეს ბევრი არაფრით განსხვავდება. არადა, რა იშვიათად ვსაუბრობთ ამაზე … 

ალბათ ამ საკითხზე დუმილის გამოა, რომ მძოლებიც ნაკლებად ფიქრობენ იმ ნდობასა და სანდოობაზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მათ თითქმის ყოველდღიურად ვუცხადებთ. ამას წინათ, გორიდან გამოვდიოდით, როცა მძღოლს ქალმა დაურეკა, – ჩემი შვილი გელოდებათ და რამდენ ხანში გამოუვლითო. მძღოლმა ყვირილი დაუწყო, გირეკავდით და ტელეფონი გამორთული გქონდათო. ქალი დაიბნა, ბილაინის ლანძღვას მოჰყვა, მათ გამოა, რომ ზარები არ შემომდისო, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ბავშვი გორში არ დამიტოვოთო. როგორც მერე გავარკვიე, პირველკურსელ გოგონაზე იყო საუბარი. მათი კამათი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე იმ ბავშვის წამოყვანას დასჭირდებოდა. სხვა მგზავრების თხოვნით, მძღოლმა ბოლოს ტაქსი გორის გასავლელში გააჩერე. გოგონა კი იქამდე მამამ მოიყვანა, საკუთარი მანქანით. 

მაშინ პირველად მომინდა, რომ საღამოს ამ მძღოლისთვის მიმეწერა. მეთქვა, რომ იმ ქალს იმ შვილზე ძვირფასი შეუძლებელია კიდევ ვინმე ყოლოდა და სწორედ ამ ყველაზე ძვირფასის სიცოცხლეს ანდობდა მას. იქნებ ამის შეხსენების მერე მაინც მოეხერხებინა, ოდნავ სხვანაირად დაენახა ყველა მგზავრი, ვინც მის მანქანაში ჯდება, თავს ჩაძინების უფლებას აძლევს, ტელეფონს სქროლავს, მუსიკას უსმენს და ადგილამდე მშვიდად ჩასვლის იმედი აქვს. 

რატომ გვიჭირს ადამიანებს ერთმანეთის დანახვა, – ეს გაცილებით რთული კითხვაა. შედარებით მარტივია იმის გაანალიზება, რატომ ვაფუჭებთ ყველაფერს, რაც შეიძლებოდა დიდებული თუ არა, კარგი მაინც ყოფილიყო. 

გორი-თბილისის მინივენებიც ხომ სწორედ უკეთესი, კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის გაჩნდა, მაგრამ ნელ-ნელა მივიღეთ ის, რაზეც ხმამაღლა თუ არა, საახლობლო წრეებში მაინც ყველა  ვწუწუნებთ. 

და თუ ვერ ვახერხებთ, პატივისცემა, ზრუნვა, მოფრთხილება და ადამიანური მოპყრობა მოვთხოვოთ მათ, ვისაც ხელშესახებად, ხილულად ვუხდით ფულს, როგორ უნდა შევძლოთ იგივე პრინციპულად მოვთხოვოთ ხელისუფლებას ანუ მათ, ვისაც ირიბად ვაფინანსებთ. ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია, რომ მინივენების ამბებში მთელი ქვეყნის პრობლემები და სადარდებლები ჩანს – ჩვენ, ადამიანებს იმდენი საფიქრალი და საზრუნავი დაგვიგროვდა, რომ ძალა და რესურსი იმის შესაცვლელადაც კი აღარ გვრჩება, რისთვისაც ვადამდელი არჩევნები, რევოლუცია, ფული ან ძალაუფლება კი არა, უბრალოდ ხმამაღლა, გასაგებად და მკაფიოდ გაკიცხვაც კმარა.

ხოდა, სანამ ყველა ჩვენგანი სახელდახელოდ გაფენილ პარკზე ჩავმოვსხდებით, სიჩქარის არანორმალურად მომატებისას გაყუსულები ავეკრობით სავარძლებს და მძღოლების თამბაქოს გამონაბოლქვზე მორცხვად ჩავახველებთ, არაფერი იქნება უკეთესად, არც გორი-თბილისის გზაზე და არც მის მიღმა… 

დატოვეთ კომენტარი