“ყველაფერს ჩემი ქალაქის სიყვარული მაკეთებინებს. ეს მგონია მე პატრიოტიზმიც”, – ამბობს ზაზა მეხრიშვილი, რომელმაც ხაშურში უპოვართა სასადილო გახსნა, – “იდეა ჩემი იყო, სულ მინდოდა ასეთი დაწესებულების გახსნა, მაგრამ ჩემ ოჯახს ამდენი ფული არ აქვს და აქამდე ვერ შევძელი”.
ზაზას უფასო სასადილოს გახსნის იდეა გარშემომყოფთა დახმარების სურვილმა გაუჩინა. ამბობს, რომ ხაშურში ბევრ ისეთ ოჯახს იცნობს, რომლებსაც ხშირად საკვებიც ყიდვაც არ შეუძლიათ.
“ყველას პრობლემა ვიცი. როცა მაქვს საშუალება, თავადაც ვეხმარები – წამალი ან პური თუ ვინმეს უნდა, მიმაქვს ხოლმე. თუმცა სასადილოს ჩემი სახსრებით ვერ გავხსნიდი, ამაში საკრებულოს დეპუტატი ლევან გამრეკელი დამეხმარა. მან გამოყო თანხები. ქველმოქმედებაში ადგილობრივი ბიზნესმენები, მოქალაქეები და ემიგრანტებიც არიან ჩართულები, ვისაც რის საშუალება აქვს, იმ თანხას მირიცხავს”.
ზაზა მხოლოდ იდეის ავტორი არ არის. ოჯახების მოძიების გარდა, ზაზამ მათი მასპინძლობაც საკუთარ თავზე აიღო და სასადილოს საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო – სასადილო ხაშურში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს, უფასო ცხელი სადილით ყოველდღიურად უმასპინძლდება.
“მყავს ერთი მზარეული და მე, ზემეტი ხარჯები არ მინდა. დღის განმავლობაში, 30 ადამიანი მაინც სარგებლობს ჩვენი სასადილოთი. ზოგი შორს ცხოვრობს და ასეთი ადამიანებისთვის მოხალისეს ვეძებ, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, რომ მიუტანოს ადგილზე საკვები”.
ზაზა ხედავს, რომ მხოლოდ საკვებით უზრუნველყოფა გაჭირვებული ოჯახების ყოფით პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ამიტომ მან ბიზნესმენებთან დაკავშირება გადაწყვიტა, რათა ამ ოჯახებს სამსახურის შოვნაშიც დაეხმაროს.
“ვცდილობ, რომ ამ ადამიანებს სამსახურის შოვნაშიც დავეხმარო. ხან ბიზნესმენები თავადაც მირეკავენ და თვითონვე მეუბნებიან, რა პოზიციაზე რამდენი ადამიანის დასაქმება შეუძლიათ. მომწონს ამ ყველაფრის კეთება, რადგან ეს მგონია შენი ქალაქის და შენი ქვეყნის სიყვარული”.
სამშობლოზე ზრუნვის სურვილი ზაზამ საკუთარ თავში ბავშვებობაშივე აღმოაჩინა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის საკუთარი სურვილით წავიდა აფხაზეთის ომში, დაჭრილ ჯარისკაცების მოსავლელად.
“17 წლის ვიყავი, როდესაც მოხალისედ წავედი. ჩემი თვალით ვნახე ის ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. წინა ხაზზე არ ვიყავი, მაგრამ იარაღი მეჭირა. ძირითადად დაჭრილების მოვლაში და ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებაში ვმონაწილეობდი. ერთი დღე მახსოვს შეტაკებაში მოვყევით, ალყაში მოვხვდი და ძლივს გადავრჩით. იმ დღეს არავინ დაღუპულა, მაგრამ გახსენება მაინც რთულია”.
17 წლის შემდეგ, მეხრიშვილი კვლავ მოხალისედ ჩაერთო აგვისტოს ომში,.ამბობს, რომ ჯანმრთელობა ხელს რომ უწყობდეს, უკრაინაშიც წავიდოდა.
“გამომყავდა დაჭრილები და მიმყავდა გორის ჰოსპიტალში, ვიდრე ომი მიმდინარეობდა მეც ცხელ წერტილებში ვიყავი. ჯანმრთელობა რომ ხელს მიწყობდეს, უკრაინაშიც წავალ. დილით პირველი, რასაც ვაკეთებ, ინფორმაციის მოსმენაა. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ამ კადრების ნახვა”.
ზაზა ამბობს, რომ ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველამ იმდენი უნდა გააკეთოს, რამდენიც შეუძლია. იმედი აქვს, რომ ამას ნელ-ნელა მეტი ადამიანი გააცნობიერებს და შესაბამისად, მის იდეებსაც მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება.