გორს მტკვრის სანაპიროზე ამოზიდული მთა დაჰყურებს. სწორედ ამ მთის წვერზე დგას ტაძარი, რომელსაც გიორგობის დღესასწაულზე ათასობით ადამიანი სტუმრობს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ მთაზე IV საუკუნის დასაწყისში ჯვარი აღიმართა და სწორედ ამის შემდეგ ეწოდა მას გორიჯვარი.
ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX საუკუნეების ნაგებობა იყო. აღნიშნული 1988 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა.
გორიჯვრის შესახებ ჩანაწერებს ვხვდებით ისტორიკოს ვახუშტი ბაგრატიონის ჩანაწერებშიც.
„წედისის ჩდილოთ და გორის პირისპირ არს ეკლესია წმიდისა გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულმოქმედი. თავი წმიდის გიორგისა მდებარეობს ჯუარსა შინა, უწოდებენ გორიჯუარს“.
1920 წლის მიწისძვრამ გორიჯვარიც და მისი შემოგარენი სულ დაანგრია. 1978-1988 წლებში კი მხოლოდ ერთი ტაძარი აღდგა – ტაძრის მოხატულობა მხატვარმა, ნოდარ აბრამიშვილმა შეასრულა.
ამჟამად, ტაძრის საკურთხეველში ჯვარია აღმართული, რომელიც წმიდა ნინოს სახელს უკავშირდება.
გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა ნინომ საქართველოში სამი ჯვარი აღიმართა – მცხეთაში, თხოთის მთაზე და უჯარმაში. ამ ჯვრების მონარჩენი ნაჭრებიდან კი შეიქმნა გორიჯვრის ჯვარი მე–4 საუკუნის პირველ ნახევარში. მეფე ალექსანდრე პირველმა გორიჯვრის ხის ჯვარი ვერცხლის ფირფიტებით შეამკობინა ქართველ ოსტატს. მე–20 საუკუნის დასაწყისში ჯვარი თავადი ამილახვრის კუთვნილ პატარა ეკლესიაში მოხვდა. ახლა იგი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, გორიჯვარში კი მისი ასლი დგას.
ჯვრის სიგრძე 188 სანტიმეტრი, სიგანე კი – 94-ია. ჯვრის ცენტრალური ხატება ეძღვნება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო დანარჩენ ნაწილებზე გამოხატულია წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების კომპოზიციები. თითოეულს თან ახლავს მოკლე განმარტებები ასომთავრული წარწერებით. ჯვარზე კიდევ 14 კომპოზიციაა.
ტაძარი ზღვის დონიდან 600-700 მეტრზე მდებარეობს და გორიდან 4 კილომეტრით არის დაშორებული.