დატოვეთ კომენტარი
“ჩემი აზრია, რომ როცა კაცი სოფელში ცხოვრობ, უნდა აკეთო ბევრი რამ”, – გვეუბნება სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ფერმერი და საკუთარ ეზოში გვეპატიჟება, – “ისე ვცხოვრობ სიფელში, როგორც ამ ქყვენის მოქალაქემ უნდა იცხოვროს, მით უმეტესს, რომ რუსის ჯარი დგას სოფლის ბოლოში”.
ტარიელ გურგენიძე და ზეინაბ მეტრეველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობენ. მათ ეზოში ვარდის 4 000-მდე ძირი აქვთ. მალევე ვიგებთ, რომ ტარიელი ამ საქმით 10-15 წლის წინ დაინტერესდა. ბიძგი კი ვარდების მიმართ საკუთარი მეუღლის, ზეინაბ მეტრეველის განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო.
“ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს. არც მე და არც ის ამ სოფლის დამტოვებლები არ ვიყავით. არ შეგვეძლო მშობლიური მიწის მიტოვება. მერე შევატყე, რომ ვარდებს ეტრფოდა განსაკუთრებით და ასე დამებადა იდეა, რომ ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. თან უკვე ისე მიდიოდა საქმე, რომ ვაშლის წარმოება ოჯახისთვის მომგებიანი აღარ იყო და რამე ახალი უნდა მომეფიქრებინა”.
ტარიელს სხვადასხვა ჯიშის ვარდები გამოჰყავს, ჯამში დაახლოებით 80 სახეობა. მის ეზოში ახლა ქართულ სურნელოვან ვარდებთან ერთად, ჰოლანდიური და ფრანგული ჯიშებიც არის.
“დარგვას ვიწყებ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან და ვაფარებ “პლასტმასის” ბოთლებს, რომლებიც ასრულებენ ორანჟერიის ფუნქციას, რათა ზამთარში ახალგაღვიძებული კვირტი არ გაიყინოს”, – გვიხსნის ტარიელი და საკუთარ ეზოს გვათვალიერებინებს, – “შეხედეთ, ეს უკვე ჩამოყალიბებული ნამყენია. ნახეთ, როგორი ზრდა-განვითარება აქვს. ეს უკვე ნოემბრის დასაწყისში იქნება ჩვეულებრივი ბუჩქი და მზად იქნება სარეალიზაციოდ”.
ტარიელის მთავარი გულშემატკივარი ამ საქმეში მისი მეუღლეა, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი მშობლიური მიწის სიყვარული ყველაზე დიდი პატრიოტიზმია.
“აქ ხშირად სვამენ ხოლმე შეკითხვას, აი, რა არის სამშობლო? ჩემი აზრით, სამშობლო არის ხსოვნა იმ ყველაფრისა, საიდანაც მოდიხარ. აი, ეს ყველაფერია ჩემთვის სამშობლო”, – გვეუბნება ზეინაბი და საკუთარ კარ-მიდამოს თვალს აყოლებს, – “რასაც მე ვქმნი, მეც მითვისებს და მეც ვითვისებ და რომელსაც, ჩვენ სიკვდილიც ვერ გაგვყოფს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფლის ბოლოში რუსის ჯარი დადგა და ამ ოკუპაციით, ბაღები, მიწები, საფლავები, ყველაფერი გაიყო. ამის დანახვამ გამიჩინა ჯიბრი, რომ მე აქედან არ უნდა წავიდე”.
იმავეს ფიქრობს ტარიელიც, რომელიც ვარდების გარდა, საოკუპაციო ხაზიდან 100-150 მეტრში მდებარე ვენახსაც უვლის. ტარიელი ამბობს, რომ ამ ვენახზე ზრუნვა, მებაღეობა ან ფერმერობა კი არა, პრინციპის ამბავია.
“მცოცავი ოკუპაცია მე და ჩემნაირებმა უნდა შევაჩეროთ. ჩვენს მიწებს თუ მივატოვებთ, ის რუსი იქ კი აღარ გაჩერდება, მოვა და აქ დამიჯდება. ამიტომაც არის, რომ ვენახს ვუვლი. ჩვენ ნახევარ ჰექტარ ფართობში დაახლოებით 17-18 ჯიშის ვაზია გაშენებული. იმ რუსმა უნდა დაინახოს, რომ იმ მიწას პატრონი ჰყავს, რომელიც იქაურობას უვლის და არ დათმობს”.
ვენახში ოჯახს ძირითადად გორული მწვანე და ლალისფერი საფერავი აქვს გაშენებული.
ოჯახის მონდომებას და დაუღალავ შრომას სარგებელი თანასოფლელებისთვისაც მოაქვს. რამდენიმე წლის წინ, ტარიელმა ვაშლის ძმრის დამზადება დაიწყო, რისთვისაც დღეს უკვე ათზე მეტი ტონა ვაშლი სჭირდება.
“დღეს მაქვს 6 ტონა ვაშლის ძმრის დამზადების საშუალება ყოველწლიურად, რისთვისაც სულ ცოტა 12-15 ტონამდე ვაშლი უნდა დაამუშაო. რა თქმა უნდა, ამას მარტო კაცი ვერ შეძლებს. ამაში მეზობლები მეხმარებიან. მათგან ვიბარებ ვაშლს. გარდა ამისა, იქ მჭირდება მოტანა, გადამუშავების დროს მოხმარება და ამ მხრივ, ყველანაირად ვცდილობ, რომ თანასოფლელებმა სარგებელი ნახონ”, – გვეუბნება ტარიელი.
სეზონურად დასაქმების გარდა, ტარიელი თანასოფლელებს საკუთარი ცოდნის გაზიარებასაც სთავაზობს.
“რაც ვიცი, ყოველთვის მზად ვარ, რომ სხვებსაც ვასწავლო. იქნებ ეს ვენახის საკითხი თუ ვარდების. სიზარმაცე უნდა დაივიწყოს ყველამ, რადგან სოფელში ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება შეიძლება. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი კარგი ნათქვამი, მიტოვებულ წისქვილებს ეშმაკები ეპატრონებიანო. ხოდა, ეგ არის ყველაფერი, ჩვენი წისქვილები არ უნდა მივატოვოთ და ეშმაკები არ უნდა შემოვუშვათ”.
"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.