ხაშურში, მთავარი სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ის ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.
“ხაშურის საფეხბურთო სტადიონის გახსნა მაისის თვეშია დაგეგმილი.ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა კობიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსებულია ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. მოედანი გათვლილია 2 100 მაყურებელზე.
“პროექტის განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს”, – გვითხრა ხაშურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიაშვილმა.