ადამიანები ისტორიები

“ყველა ნიჭი, ფოტოგრაფიაც და დეკორაციების შექმნაც, მშობლიური სოფლის სიყვარულმა აღმომაჩენინა” – ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან 

„ეს პაპის დარგული შინდებია”, – გვეუბნება ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მშობლიური კარ-მიდამო საკუთარი ხელით შექმნილი დეკორაციებით გაალამაზა.

ლაშა ზუბიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ცხოვრობს.

„აქაურობის სიყვარულმა მომანდობა, რომ ეზო გამელამაზებინა და სწორედ ამ პროცესში აღმოვაჩინე, რომ დეკორაციების შექმნა შემეძლო“, – გვიყვება  ლაშა, – “დავალაგე ქვევრები, დავკიდე ჰამაკი, ხეებზე ჩიტის სახლები დავდგი, რომელიც მამასთან ერთად გავაკეთე. მე ვუხატავ, როგორი მინდა და მერე ერთად ვაკეთებთ“.

ჩიტის ფერადი სახლები ახლა თითქმის ცარიელია, თუმცა ლაშა ამბობს, რომ ზაფხულში ბევრი ჩიტი მოდის და მის ეზოში სახლდება.

„ზაფხულობით ბევრი ჩიტი სტუმრობს ამ სახლებს, ბარტყებს ჩეკენ. ეს ბილიკიც ჩემი გაკეთებულია, ქვები მდინარიდან მოვიტანე. სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს ეზოში არსებული ყველა ხე გავანათო და ჩანჩქერი გავაკეთო”, – ამბობს ლაშა.

პატარ-პატარა ქვებისგან გაკეთებული ბილიკი ეზოს თავიდან ბოლომდე მიუყვება. ამბობს, რომ ამ სივრცეში დროის გატარება ძალიან უყვარს. გარემოს თვალიერების დროს კი, ხშირად ახალ-ახალი ფოტო-პროექტის იდეაც ებადება. ლაშას მთავარი ინტერესის სფერო სწორედ ფოტოგრაფიაა.

„ფოტოგრაფია ჩემთვის ყველაფერია“, – გვეუბნება ლაშა და იმ ფოტოებს გვიჩვენებს, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარს.

მისი გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ლაშას ყველაზე მეტად ბუნების და ისტორიული ძეგლების გადაღება მოსწონს.

„ძირითადად ეკლესია მონასტრებს ვიღებ, რაც უფრო დიდი საუკუნის არის და ძველია, უფრო მომწონს და მაინტერესებს. ასევე მიყვარს მოხუცების, ბავშვების, პეიზაჟების გადაღება. ჩემი ოცნებაა შვეიცარიის აღბეჭდვა ჩემს ფოტო ობიექტივში”.

პირველი ფოტო ლაშამ მობილურით გადაიღო,  შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ფოტოგრაფია პროფესიად ექცია.

„პირველი კადრი დათოვლილ სამების ტაძარს გადავუღე მობილურით. მას მერე, როცა დრო მაქვს, საინტერესო ადგილების გადაღებას ვცდილობ. გამოფენებიც მქონდა თბილისში, კასპში, ბათუმში. კონკურსებშიც გაუმარჯვია ჩემს ნამუშევარს”.

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ლაშა ფტოების გადასაღებას გასვლითი ტურების დაგეგმვას ხშირად ვეღარ ახერხებს –  ის ამჟამად კასპში, მაჟორიტარი – დეპუტატის ბიუროში მუშაობს.  ამბობს, რომ მეტეხიდან კასპში სიარული კომფორტული არაა, თუმცა მშობლიური სოფლის დატოვება არ უნდა.

„თბილისიდანაც მქონია შემოთავაზებები, მაგრამ არ წავედი. მიყვარს ჩემი სოფელი, აქ ჰაერიც სხვანაირია, ბუნებაც… არასდროს დავტოვებ.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.