სასარგებლო დოკუმენტები

როგორ მოვიძიოთ დაფინანსება ჩვენი ბიზნესისთვის – რჩევები და რეკომენდაციები

“დონორები სანთლით ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოტივირებულნი დაიწყონ ბიზნესი”, – ამბობს ნინო გიორგაძე, ერთ-ერთი წარმატებული მეწარმე გორში. დაფინანსების მოძიება ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და ძირითადი ფაქტორია, რომლის გარეშეც საკუთარი საქმის წამოწყება შეუძლებელია, რადგან მცირე მეწარმეებს ძალიან იშვიათად გააჩნიათ საკუთარი კაპიტალი, რომელსაც საქმის დაწყებისთვის გამოიყენებენ. რა უნდა ვიცოდეთ დაფინანსების მოძიების დროს? სად და როგორ უნდა ვეძებოთ დაფინანსება? – ამჯერად, “მოზაიკა” სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს გთავაზობთ.


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენს ქვეყანაში არაერთი პროგრამა არსებობს, რომლის შესახებაც დამწყებმა მეწარმემ უნდა იცოდეს. მაგალითად, როგორიცაა სახელმწიფო მცირე და საშუალო გრანტები, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ დონორი ბიზნესის დასაწყებად სრული თანხით ვერ დაგაფინანსებთ.

“არის პროგრამები, რომლებიც მეწარმეს უფინანსებს 90-80%-ს და დანარჩენი მეწარმის დასამატებელია. ეს მიდგომა აიხსნება იმით, რომ დონორმა თავი დაიზღვიოს არაკეთილსინდისიერი მეწარმისგან.”

რა “უყვარს” დონორს?

როდესაც დონორთან თქვენი ბიზნესგეგმით წარდგებით, მნიშვნელოვანია აჩვენოთ ზუსტი გათვლები. რამდენ ხანში მიიღებთ მოგებას? (სავარაუდოდ); რა იქნება ზარალი? შენიშვნა: დათვლილი ხარჯები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა დონორი მეწარმისგან წინასწარ გაწერილ რისკებსა და მოლოდინებს ითხოვს.

“როდესაც ვავსებ საგრანტო განაცხადებს, ყოველთვის ვუთითებ, რომ შემოსავალი პირველივე თვეს მექნება, მაგრამ არც ერთი ბიზნესი არ არის, რომ პირველივე თვეს გავიდეს მოგებაზე. პირველი სამი თვე ბიზნესი მოგების გარეშე მუშაობს და ასეთ დროს მეწარმეს უნდა ჰქონდეს თანხა, რათა ბიზნესი არ გაჩერდეს, სანამ არ მივა “ნულოვან მოგებამდე”. დონორისთვის მნიშვნელოვანია ზედმიწევნით მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი მოლოდინების შესახებ”.

რა აინტერესებს დონორს?

ვიდრე თანხის მოცემას გადაწყვეტს, დონორს აქვს კითხვები, რომლებსაც მეწარმემ დასაბუთებული პასუხები უნდა გასცეს:

  • რატომ უნდა დააფინანსოს თქვენი ბიზნესი?
  • რა განგასხვავებს სხვა ბიზნესებისგან?
  • რამდენად სწორად გაქვს გათვლილი შენი ბიზნესი ფინანსურად და სტრუქტურულად?
  • რამდენ ადამიანს დაასაქმებთ?
  • სად ვიპოვოთ დონორები?

“როდესაც დონორებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს საერთაშორისო დონორები და სახელმწიფო პროგრამები. საერთაშორისო დონორები არიან ძირითადად, ევროკავშირისა და UASID-ის პროექტები სხვადასხვა მიმართულებით.”

ჩამოთვლილი პროგრამები ყველა მეწარმისთვის ინდივიდუალურია. მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება მათსავე ვებგვერდზეა შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია საგრანტო განაცხადების შევსებაც.

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საგრანტო პროგრამა არის “აწარმოე საქართველოში”, რომელიც მრავალი მიმართულებით მუშაობს. “აწარმოე საქართველოში” საგრანტო კონკურსს წელიწადში ერთხელ აცხადებს, წლიდან წლამდე კი იზრდება კონკურენციაც, ამიტომ მეწარმეებისგან ინოვაციურ და მომგებიან ბიზნესგეგმას ითხოვენ.

სპეციალისტების აზრით, მუდმივი დონორის შესაძენად მეწარმე კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს მისთვის წარდგენილ ბიზნესგეგმას. პირველი გრანტის მიღებიდან, მნიშვნელოვანია თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც შემდეგში სხვა პოტენციურ დონორს დააინტერესებს.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.