როგორი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ბიზნესგეგმა და როგორ უნდა დავწეროთ ის, თუ გვინდა, რომ პოტენციური სპონსორი დავაინტერესოთ, – ამ კითხვებზე პასუხების ქონა მნიშვნელოვანია ბიზნესში პირველი ნაბიჯების წარმატებულად გადადგმისთვის. სწორედ ამიტომ “მოზაიკა” გთავაზობთ, წარმატებული მეწარმის, ნინო გიორგაძის პრაქტიკულ რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან.
“როცა თქვენ რაიმე ბიზნესიდიდეა მოგივათ თავში, თქვენ თუ მაშინვე არ გადახვალთ მოქმედებაზე, შესაძლოა შემდეგში ეს იდეა უკვე დაგვიანებული იყოს. ამიტომ, თუ გინდათ იყოთ წარმატებული მეწარმე, უნდა იმოქმედოთ სწრაფად”.
რა არის მეწარმეობა ?
მეწარმეობა – პროცესი, როდესაც ინდივიდები, ან პირადად ან ორგანიზაციის შიგნით, აქტიურად იყენებენ შესაძლებლობებს, რათა შექმნან ახალი პროდუქტი/სერვისი ან გააუმჯობესონ უკვე არსებული. მოკლედ, რომ ვთქვათ, მეწარმეობა არის ბიზნესშესაძლებლობების აღმოჩენა, შექმნა და გამოყენება.
“შეიძლება აწარმოო უბრალო სკამი, მაგრამ იმდენი რამე განასხვავებდეს მას სხვა სკამებისგან, რომ მოუნდეს მყიდველს მისი შეძენა. პირობითად, ბოსტნეულის სათბური შეიძლება იყოს სტანდარტული, თუმცა სხვა სათბურებისგან განსახვებით მომხმარებელს სთავაზობდეს სხვადასხვა ჯიშის ბოსტნეულს, ან მიწოდების ფორმა ჰქონდეს განსხავებული. მაგ: დაჭრილი ბოსტნეული, ან ცალობით დაფასოებული და ასე შემდეგ. ამ სიახლის, გამორჩეულობის ძებნაც, რა თქმა უნდა, მეწარმეობაა”.
როცა ბიზნესიდეაზე ფიქრს იწყებთ, არსებობს სამი მთავარი კითხვა, რომლებსაც უნდა გასცეთ პასუხი: რატომ? როგორ? რა?
- დაიწყეთ კითხვით: რატომ? – ბიზნესის დაწყებამდე, კარგად უნდა გავიაზროთ, რატომ ვიწყებთ მაინცდამაინც კონკრეტულად ამას და არა სხვა საქმეს.
- განსაზღვრეთ სუსტი და ძლიერი მხარეები – იდეის მოფიქრების შემდეგ, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. რა გაგიჭირდებათ და რა გაგიადვილდებათ იდეის განხორციელების დროს.
- რატომ უნდა დაფინანსდეს თქვენი იდეა დონორთან წარგდენისას? – შეეცადეთ გამოკვეთოთ თქვენი ბიზნესის უპირატესობები, თუ არ აქვს, მაშინ დაიწყეთ ფიქრი, ამ უპირატესობის შესაქმნელად.
- შეიმუშავეთ კრიტერიუმები, თქვენი იდეის შესაფასებლად – არის თუ არა კონკურენტუნარიანი თქვენი ბიზნესი? არის თუ არა მოთხოვნადი? სჭირდება თუ არა დამატებითი ლიცენზია? და ა.შ.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ თქვენი ბიზნესიდეა მზადაა განსახორციელებლად. ამის შენდეგ კი საჭიროა იდეების გენერირება.
რა უნდა ვიცოდეთ ბიზნესგეგმის წერის დროს ?
- ვინ არიან მომხმარებლები? რა საქმეების შესრულებას ცდილობენ? რა არის მათი ტკივილი და სარგებელი?
- ფასეული შეთავაზება – რომელი პროდუქტები და სერვისები ქმნიან ღირებულებას თქვენი მომხმარებლისთვის? რატომ ყიდულობენ/იყენებენ მომხმარებლები თქვენს პროდუქტს?
- არხები – როგორ ხდება აღნიშნული დამატებითი ღირებულების პრომოუშენი, გაყიდვა/მიწოდება?
- მომხმარებლებთან ურთიერთობა – როგორ ურთიერთობთ მომხმარებელთან მათი გამოცდილების ყველა ეტაპზე? როგორი ტიპის ურთიერთობას აყალიბებთ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის?
- შემოსავლის მოდელი – როგორ და რა მექანიზმებით იღებს ბიზნესი პროდუქტიდან შემოსავალს?
- ძირითადი რესურსები – რა ინფრასტრუქტურა არსებობს ღირებულების შესაქმნელად, მისაწოდებლად და მისგან სარგებლის მისაღებად?
- ძირთადი აქტივობები – რა სტრატეგიულ ამოცანებს/აქტივობებს ასრულებს ბიზნესი დამატებითი ღირებულებების მისაწოდებლად?
- პარტნიორები – რა პარტნიორობა გჭირდებათ იმისთვის, რომ აამუშაოთ თქვენი ბიზნეს მოდელი? რა არის სხვა საკითხები, რაც შეიძლება მოგვარდეს ვინმე სხვის მიერ?
- ხარჯები – ღირებულების მისაწოდებლად რა ხარჯების გაწევა უწევს თქვენს ორგანიზაციას?
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების კარგად გაწერის შემთხვევაში, თქვენს იდეას განცხორციელების მეტი აღარაფერი დარჩენია.