ადამიანები ისტორიები

„ჩემი სახელი და გვარი „სკიპის“ შემდეგ ყველამ დაივიწყა“ – მამუკა ნადირაძის ისტორია

„ჩემი სახელი და გვარი „სკიპის“ შემდეგ ყველამ დაივიწყა“, – მამუკა ნადირაძეს გორში თითქმის ყველა იცნობს, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ცოტამ თუ იცის.

პროფესიით ეკონომისტია, თუმცა სპეციალობით არასდროს უმუშავია. სტუდენტობის წლებში იუმორისტულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას, წერდა სცენარებს და შემდეგ მეგობრებთან ერთად აწყობდა კავეინებს. როგორც ის ამბობს პოპულარობაც ასე მოვიდა.

„პროფესიით ეკონომისტი ვარ, გორის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. ბავშვობაში მინდოდა საბავშვო ბაღის დირექტორი ვყოფილიყავი, ეს სურვილი ახლაც მაქვს, მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. „სკიპი“ სკოლის პერიოდში დამერქვა. ჩემს დროს ფილმი გადიოდა ავსტრალიური, მრავალსერიანი, იქ კენგურუ იყო, რომელსაც”სკიპი“ ერქვა. მე აქტიური მაყურებელი ვიყავი, ზეპირად ვიცოდი ამ გმირის სიმღერები, მოუსვენარი და აქტიური პერსონაჟი იყო ჩემსავით და პირველად, ჩემმა სკოლის მასწავლებელმა მითხრა „სკიპი“ ხარო, აქედან შემერქვა მეტსახელიც, მას მერე ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი დაივიწყეს“, – ამბობს „სკიპი“.

სტუდენტობის პირველ კურსზე „სკიპიმ“ თანამოაზრეები შემოიკრიბა და იუმორისტული გუნდი „კეხურა“ ჩამოაყალიბა, თავად წერდა სცენარებს და გუნდის წევრებთან ერთად დგამდა.

„კავეინი და იუმორი ჩემთან სტუდენტობის დროს მოვიდა. 1992 წელს ჩემი მონაწილეობით შეიქმნა პირველი გუნდი”კეხურა” და ბნელი 90- იანებიდან თუ რამე კარგი მახსენდება ეს გუნდი და კავეინებია. მაგ დროს მოვიდა პოპულარობაც. შოუმენი ვარ, ვწერ და ვახორციელებ სცენარებს, სხვაგან ჩემი თავი ვეღარ წარმომიდგენია. რეალურად გულჩათხრობილი ადამიანი ვარ, ჩემს თავთან მარტო, რომ ვრჩები სევდიანი ვარ. შოუმენობამ და კავეინებმა მომამაგრა მხიარული კაცის იმიჯი და ხალხსაც ასე წარმოუდგენია, რომ მე სულ კარგ ხასიათზე ვარ, სულ უნდა ვიზრუნო გარშემომყოფების კარგ განწყობაზე, ეს პასუხისმგებლობასავით ჩამომიყალიბა საზოგადოებამ“, – იხსენებს „სკიპი“

„სკიპი“ 9 აპრილის მოვლენების მონაწილე აქტივისტია. „მოზაიკასთან“ საუბარში იხსენებს, რომ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად გაიპარა, რადგან უნივერსიტეტმა არ გაუშვა.

“აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი 1991 წლის მიმდინარე მოვლენებშიც. ბარიკადების ანგრევა, დადგმა, იარაღიც მჭერია ხელში და გიტარაც ერთდროულად. პირველ კურსზე ვიყავი, 9 აპრილის აქციაზე გორის უნივერსიტეტმა არ გაგვიშვა. ჩვენ, სტუდენტები ავტობუსით მივდიოდით აქციაზე, მაგრამ ჩამოგვსვეს. მერე გადავწყვიტეთ მატარებლით წასვლა, ახლა მატარებელი გააფრთხილეს, რომ გორში არ გაეჩერებინათ. აქტივისტები ფეხით ჩავედით ხიდისთავში და იქიდან გავყევით მატარებელს. აქციაზე ზვიად გამსახურდიას შეძახილი გავიგეთ, „გორმა გაიღვიძა“”

„სკიპი“ სიყვარულზე და ოჯახზე საუბრობს. მეუღლე 21 წლის ასაკში შეირთო, რომელთანაც 30 წელი იცხოვრა, მის გარდაცვალებაზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მონატრება დიდია.

„პირველი სიყვარული იყო მე-6 კლასში. ჩემი მეზობელი მიყვარდა, მერე ისე მოხდა, რომ ეს გოგო თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, მე ვაკითხავდი იქ, მაგრამ მაინც დავიშალეთ. ჩემი გააზრებული და ნამდვილი გრძნობა იყო ჩემი მეუღლე, ის 16 წლის იყო, მე 21- ის , რომ დავქორწინდით. მაშინ იყო ხოლმე ამწეზე დაჯდომა და ასე აივანთან სიმღერა, რამოდენიმეჯერ მე და ჩემი ბიჭები გადმოვცვივდით ამწედან მის აივანთან, რომ ვმღეროდით. ვიდრე შეყვარებულები ვიყავით მითხრა, რომ ნამცხვარი„შუ“ უყვარდა, ჩემი ახლობლის ქორწილში ვიყავი, მოვიპარე ქორწილისთვის გამზადებული ნამცხვარი და მას ჩამოვუტანე. ისე შერცხვა, ახლაც მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები. სამწუხაროა, რომ ის ჩემ გვერდით აღარაა, დამიტოვა ორი უმშვენიერესი ქალიშვილი და წავიდა. მიჭირს მის გარეშე და ვერ წარმომიდგენია სხვა დარეჯანის ადგილზე“, – იხსენებს ის.

„სკიპის“ სურვილია ჰქონდეს გასართობი ცენტრი, რომელიც ასაკში მყოფი მოხუცების განწყობის შექმნაზე იზრუნებს.

დატოვეთ კომენტარი