სტატიები

რა თანხა დაიხარჯება გორის საკრებულოსთვის პლანშეტებისა და კონდენციონერის შესაძენად 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მერია კონდინციონერებს ყიდულობს. უწყებამ 5 კონდინციონერის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და  ბიუჯეტიდან 9 200 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, კედლის კონდინციონერების მიწოდება -მონტაჟი შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. 

“მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ახალი კონდიციონერების მიწოდება-მონტაჯი. მიმწოდებელი ვალდებულია კონდიციონერების მონტაჟისას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს მონტაჟისათვის საჭირო აქსესუარები (შიდა და გარე ბლოკის სამაგრები) სპეც ტექნიკის და მასალების ხარჯები”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ კონდინციონერების ნაწილი სამუშაო ოთახებში განთავსდება.

“რამდენიმე ოთახი არ არის, ორი სხდომათა დარბაზშია გამოსაცვლელი, ფაქტიურად აღარ მუშაობს. დანარჩენები სამუშაო ოთახებშია შესაცვლელი“, – გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.

ინფორმაციისთვის, გორის მერია საკრებულოსთვის ყიდულობს ასევე 5 პლანშეტს, რომლებსაც დეპუტატები სხდომების დროს კენჭისყრის პროცედურის დროს იყენებენ. საერთო ჯამში კონდინციორებისა და პლანშეტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 000 ლარამდე დაიხარჯება. 

დატოვეთ კომენტარი