სტატიები

„ისტორია წაიკითხოს კარგად”, – გორელები ბიბილოვის განცხადებას ეხმაურებიან

“სამხრეთ ოსეთი იქნება თავისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი”, – აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.

“არსებობს ხაზი, რომლის შემდეგაც უკან დახევა აღარ შეიძლება – 2008 წელს, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის. გმადლობთ, ძმებო და დებო” , – აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.

მის ამ განცხადებას გორში ეხმაურებიან და ბიბილოვს ურჩევენ, რომ ისტორია კარგად წაიკითხოს. გორელები ამბობენ, რომ სამაჩაბლო ისტორიულად ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო.

“ისტორია წაიკითხოს კარგად და გაეცნოს ვის ტერიტორიაზე აქვს პრეტენზია. ისტორიულად სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება. ბიბილოვის მარიონეტული ხელისუფლება არის დასმული პუტინის მიერ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერიოზული კრიზისია, შესაბამისად, დეფაქტო ხელისუფლება ცდილობს თავი მოაწონოს პუტინს, მაგრამ დარწმუნებული ვარ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მალე აღდგება” , – ამბობს ბექა ქორჩილავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე.

თამარ მურალოვა ამბობს, რომ ცხინვალის რუსეთთან შეერთება უდიდესი დანაშაული იქნება, თუმცა მას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – დასავლეთის იმედი აქვს.

“როცა რეფერენდუმი ჩატარდა, მოსახლეობის 90%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. ისტორიული სამაჩაბლოა და ეს იქნება უდიდესი დანაშაული. ჩვენ მარტო არ ვართ და ჩვენ გვერდით არის საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორები, ევროპული სახელმწიფოები, ამერიკა და ვნახოთ, ეს არ უნდა მოხდეს და არ უნდა დავუშვათ” , – ამბობს მურალოვა.

პარტიის “საქართველოსთვის” წევრი მამუკა ფანიაშვილი ამბობს, რომ ბიბილოვის ამ განცხადებების ფონზე, ხელისუფლების სისუსტე და უმოქმედობაა საყურადღებო.

“დე-ფაქტო ხელისუფლება ამ თემაზე არაერთხელ სპეკულირებდა უახლოეს წარსულში. დიდი ალბათობით, ახლაც ასეა, თუმცა უფრო საყურადღებოა საქართველოს ხელისუფლების სისუსტე და უმოქმედობა. მათი პოზიციონირება სახელმწიფოებრივად დამღუპველია. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს მუდმივი და უწყვეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორებთან,ნაცვლად ამისა, ვხედავთ, რომ ოცნება პირდაპირ უპირისპირდება პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს” , – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

ბიბილოვის განცხადებებს ავანტიურას უწოდებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი.​

“სამაჩაბლო არის საქართველოს ისტორიული ნაწილი. ყოვლად მიუღებელია ბიბილოვის განცხადებები. პროვოკაციული გამოსვლები ჰქონდა ბიბილოვს. ჩვენ მთავარია ვიყოთ ფრთხილად და არ წამოვეგოთ ავანტიურას” , – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

ინფორმაციისთვის, ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. მას სურვილი აქვს, რომ მეორე ვადით დაიკავოს ეს თანამდებობა. ამჟამინდელი კამპანია 5 წლის წინანდელი კამპანიისგან არაფრით განსხვავდება. მაშინაც ბიბილოვის მთავარი მესიჯი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ერთ რესპუბლიკად გაერთიანება იყო, თუმცა მისი ეს დანაპირები 5 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა და ახლაც იმავე მესიჯებით გამოდის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.