მერაბ მაისურაძე გორის საუნივერსიტეტო კლინიკა “გორმედში” ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მას მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს.
როგორც თავად ამბობს, ექიმობის იდეა სკოლის პერიოდიდან გაუჩნდა.
“სურვილი მქონდა სკოლის პერიოდიდანვე, განსაკუთრებით ბოლო კლასებში, რომ გავმხდარიყავი ექიმი. სამედიცინო ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა და 1999 წლიდან ვარ დამოუკიდებელი ექიმი”, – ამბობს მერაბი.
ყველაზე რთული პერიოდი მისთვის 2008 წლის ომის დღეებში იყო. იგი იხსენებს დროს, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის დაბომბვის შედეგად დაზარალებულ მის კოლეგას, ნახევრადგანადგურებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის პირობებში, ოპერაცია გაუკეთა.
“9 აგვისტო ძალიან კარგად მახსოვს, რადგან ამ დღეს დაიბომბა გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა, რის შედეგადაც, ტრავმა მიიღო ჩვენმა ერთმა ექიმმა, რომელსაც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ნახევრადგანადგურებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის პირობებში მოხერხდა ოპერაციის ჩატარება. დღეს ეს ექიმი ჯანმრთელად არის, საზღვარგარეთ მუშაობს. გვახსოვს, როცა 12 აგვისტოს რაკეტა ჩამოვარდა ქალაქის ცენტრში, მაშინაც მასობრივი შემოყვანა იყო პაციენტების ჩვენს კლინიკაში. ეს ორი დღე ყველაზე რთული იყო” , – იხსენებს მერაბი.
მისი თქმით, სამედიცინო სფეროში საკმაოდ ბევრი გამოწვევებია. იგი ამბობს, რომ მედიცინაში ზოგადი ქირურგია ერთ-ერთი ყველაზე რთული და სტრესული მიმართულებაა.
“საკმაოდ ხშირად გვიფიქრია ექიმებს, რომ რაღა მაინც და მაინც ეს რთული პროფესია ავირჩიეთ, მაგრამ როცა პაციენტს დახმარებას გაუწევ და კვალიფიციურ სამედიცინო სერვისს მიაწვდი, თავს გამარჯვებულად გრძნობ. წარმატებული ოპერაცია, გამოჯანმრთელებული პაციენტი იმხელა ბედნიერებას და ადრენალინს განიჭებს რომ ფაქტობრივად, ის სინანული ქრება” , – ამბობს მერაბი.
გული სწყდება იმ პაციენტებზე, რომლებიც წარსულში მხოლოდ იმიტომ ვერ გადაარჩინა, რომ სამედიცინო აღჭურვილობა არ იყო საკმარისად განვითარებული.
“დღევანდელი გადასახედიდან, თურმე რამდენიმე ავადმყოფის გადარჩენა შეიძლებოდა, რომელიც ვერ გადავარჩინეთ, რადგან წარსულში ასე წინ წასული არ იყო მეცნიერება და არ არსებობდა თუნდაც ისეთი ტიპის სასუნთქი აპარატები, რომელიც დღესდღეობით გვაქვს”
ამბობს, რომ პაციენტის გულწრფელი მადლობა მისთვის ბევრს ნიშნავს. იმედი აქვს, რომ მედიცინის კიდევ უფრო განვითარება, მეტი პაციენტის გადარჩენის საშუალებას მისცემს.
“სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და მედიცინის განვითარებამ საშუალება მოგვცა ბევრი ისეთი პათოლოგია დაგვემარცხებინა, რომელიც წარსულში შეიძლება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. სულ ყოველთვის ვარ ამ შემართებით, რომ დღეს რომელზეც გვეჩვენება, რომ შეიძლება ვერ მოვერიოთ ამ პათოლოგიას, იმედი მაქვს, რომ ხვალ შეიცვლება ეს და უფრო მეტი პაციენტის გადარჩენას შევძლებთ”
30 მარტს, მსოფლიო ექიმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაამკვიდრა.