მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზემო ნიქოზის მიმდებარედ 10 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მისი დაკავების შესახებ ოფიციალური ცნობა 12 დეკემბერს გავრცელდა.
მისმა ახლობლებმა დაკავებიდან მალევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას ცხინვალის იზოლატორში არადამიანურად ეპყრობოდნენ და მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
17 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში რამდენჯერმე გაიმართა საპროტესტო აქცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებნენ, რომ მის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი ამოქმედებული იყო.
უწყების ცნობით, ცხინვალში ჩანიშნული ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო.
” ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა არ ვიცით რამდენი ხნით და როდის გაიმართება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ის ნორმალურად და სტაბილურადაა”, – განაცხადეს სუს-ში.
ბოლო ინფორმაციით, ჩხიკვაძის სასამართლო 15 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუკი ამის შემდეგ მას არ გაათავისუფლებდნენ, მისი მეგობრები მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა უკანონოდ დაკავებიდან 4 თვის შემდეგ ისევ უცნობია რა მდგომარეობაშია ან როდის მოხდება მისი გათავისუფლება.