წამება და არაადამიანური მოპყრობა პოლიციელების მხრიდან – ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული 3 გორელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გასულ წელს გორის ტერიტორიაზე 2 სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, მე-3 ბენზინგასამართი დააყაჩაღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოშიც. გამომძიებლებმა აღნიშნული 3 საქმე გააერთიანეს, რადგან ჩათვალეს, რომ ერთი და იმავე პირების მიერ იყო ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები.
თავდაპირველად, საგურამოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე დაიბარეს გორელი გ.ა, რომელმაც მოგვიანებით აღიარებითი ჩვენება მისცა და მასთან ერთად დანაშაულში მონაწილეებად დაასახელა კიდევ 2 გორელი: ო.ძ და ჯ.ჩ.
სასამართლოზე გ.ა-მ განაცხადა, რომ საგურამოს პოლიციაში აღიარებითი ჩვენება პოლიციელებმა ცემისა და წამების შედეგად მიიღეს.
“მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნით დამემუქრნენ, გადავწყვიტე დავთანხმებოდი პოლიციელთა მოთხოვნას და გაცნობის გარეშე ხელი მოვაწერე ჩემთვის წარდგენილ ყველა დოკუმენტს” , – განაცხადა გ.ა-მ.
დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტიზის ბიურომაც, რომელმაც დაადგინა, რომ მას მართლაც აღენიშნებოდა სხეულზე ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები.
პოლიციელთა მხრიდან წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა იმ ორმა ბრალდებულმაც, რომელიც გამოძიების მტკიცებით, დანაშაულის თანამონაწილედ თავდაპირველად დაკავებულმა გ.ა-მ დაასახელა.
“შსს გორის რაიონულ სამმართველოში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან, ჩვენ მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას” , – განაცხადეს ო.ძ-მ და ჯ.ჩ-მ.
ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი ამ ორი დაკავებულის სხეულზეც აღმოაჩინა.
“სხეულის ფიზიკური დაზიანება ნაჭდევების სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ნაწიბურები როგორი საგნის მოქმედებით მიღებული დაზიანების შედეგად განვითარდა ვერ დგინდება”, – მიუთითებს ექსპერტიზა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე მიუთითებს კანონდარღვევით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
“მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო გაფორმებისას დაშვებულ იქნა კანონის არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც ასევე საფუძვლად დაედო გამამართლებელი განაჩენის მიღებას”, – აღნიშნავს ლევან დარბაიძე.
მოსამართლე მიუთითებს გამოძიების შემდეგ დარღვევებზე:
– რატომ არის მითითებული ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებში ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები გამოძიებას არ აქვს დასაბუთებული
– საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით;
– სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვისას დაშვებულ საპროცესო კანონის არსებითი დარღვევის ფაქტს;
– სასამართლო გვერდს ვერ აუვლის ო.ძ-ს და ჯ.ჩ-ს მიმართ კანონის არსებითი დარღვევით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საკითხს.
სასამართლომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ო.ძ და ჯ.ჩ არ საუბრობენ თავისუფალი თხრობის რეჟიმში. ვიდეოჩანაწერში ჩანს მათი მძიმე ემოციური მდგომარეობა.