სტატიები

გორის მერიის სახელფასო ფონდი 1 555 600 ლარითაა გაზრდილი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში ხელფასებზე გასაცემი თანხის ოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

გორის 2022 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის 5 800 600 ლარია გათვალისწინებული. შედარებისთვის 2021 წელს ეს თანხა 4 245 000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს 3 842 000 ლარს.

გამოდის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში გორის ბიუჯეტიდან ხელფასებზე გასაცემი თანხა თითქმის 2 მილიონით – 1 958 600 ლარით გაიზარდა.

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს 2 მოადგილე, 4 თანაშემწე, მდივანი და მრჩეველი ჰყავს. მათი ყოველთვიური ანაზღაურება 15 700 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერიის 15 თანამშრომელს ხელფასი გაუზარდა.

მერიის პირველი და მეორე რანგის მქონე სპეციალისტების ხელფასი 1100-ს ნაცვლად 1200 ლარით განისაზღვრა, ხოლო მესამე რანგის მქონე სპეციალისტების 880 ლარის ნაცვლად, 990 ლარი.

გაზრდილია თავად გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ხელფასიც. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 500 ლარს შეადგენს. ქალაქის მერებს ხელფასები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოემატათ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ანაზღაურება თავდაპირველად, 2 750 ლარი იყო, შემდეგ კი, 5 500 ლარი. მიმდინარე წლის დასაწყისიდან გორის მერმა ხელფასის გაორმაგებული ოდენობა მიიღო.

სახელფასო ფონდის ზრდის ფონზე, აღსანიშნავია ის, რომ მერიის შემოსავლები გრანტებიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. მაგალითისთვის, 2020 წელს უწყებამ გრანტებიდან 15 729 900 ლარი მიიღო, 2021 წელს ეს თანხა 12 205 500 ლარამდე შემცირდა. 2022 წლისთვის მერია გრანტებიდან 10 269 200 ლარის მიღებას ვარაუდობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.