ახალი ამბები

„წყალში გადაყრილი ათასობით ლარი”, – ველობილიკების პრობლემა გორში

გორში 2020 წელს დახაზული 4.5 კილომეტრიანი ველობილიკი ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან საღებავი აღნიშნული მონაკვეთის დიდ ნაწილზე ან საერთოდ წაშლილია, ან ალაგ-ალაგ არის შემორჩენილი.

ველოსიპედისტები აღნიშნული ბილიკით სარგებლობას ვერ ახერხებენ. გორში არსებული ველომოყვარულთა კლუბის დამფუძნებელი ამბობს, რომ მერიამ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და ბილიკები ისე დაიხაზა, რომ საავარიო სიტუაციების შექმნის რისკი არსებობდა. აქედან გამომდინარე, ისინი ველობილიკით სარგებლობას ერიდებიან.

“გვიხაროდა, როდესაც მერიამ დაიწყო ველობილიკების ადაპტირებაზე ზრუნვა, მაგრამ ისე ქაოსურად და დაუგეგმავად დაიწყეს ზოლის შეღებვა არსებულ საავტომობილო გზებზე, რომ მოწესრიგების ნაცვლად უფრო საავარიო სიტუაციები შექმნეს რიგ მონაკვეთებზე. არ იქნა მიღებული ჩვენი შეთავაზებები მხედველობაში, რომელიც რეკომენდაციის სახით მივაწოდეთ და საბოლოოდ მივიღეთ ათასობით ლარი წყალში გადაყრილი და პრობლემა კვლავ მოუგვარებელია” , – ამბობს ველომოყვარულთა კლუბის დამფუძნებელი ლადო მიხანაშვილი.

ველობილიკის მოწყობის სამუშაოები 2020 წელს შპს “ელიტ-ტექნოლოჯმა” შეასრულა და ამისთვის 58,643 ლარიც მიიღო. კომპანიამ სპეციალური ასფალტის საფარის მოწყობის ნაცვლად, ველოსიპედისთვის სამანქანო გზის ნაწილი გამოყო და წითელი საღებავით შეღება, რომელიც ძალიან მალე წაიშალა. იქიდან გამომდინარე, რომ ბილიკის დიდი ნაწილი სამანქანო გზას მიჰყვება, ავტომობილები ხშირად თავისუფლად გადაადგილდებიან მასზე.​

ველობილიკები გორში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში გაკეთდა. მიმდინარე წელს მერიამ აუდიტორული კომპანია დაიქირავა აღნიშნული გრანტის ხარჯვის ეფექტიანობის შესწავლასთან დაკავშირებით. აუდიტს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია.

დატოვეთ კომენტარი