ადამიანები

“ექთანი ქალი ვარ, კარბს არ დავტოვებ და ყველას დავეხმარები, ვისაც დავჭირდები”

გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უამრავი პრობლემის და მყიფე მშვიდობის მიუხედავად, სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობენ.  მშობლიური მიწის მცველებად რჩებიან და  იქაურობაზე ზრუნავენ. ერთ-ერთი ასეთი 58 წლის ლუიზა თევდორაშვილია, რომელიც 2008 წლის ომის დროსაც, სოფელ კარბში იყო და მეზობლებზე ზრუნავდა. თანასოფლელების დახმარებას და ომის დროს დაზიანებული სახლის განახლებას ლუიზა დღემდე აგრძელებს.  

„რუსები შემოვიდნენ, დატოვეთ აქაურობა, ათასი რამე ხდება, არ დაგხოცონ”, – ეუბნებოდნენ ხალხს აგვისტოს ომის დღეებში.

სოფელი დაჭრილებით და გარდაცვლილებით გაივსო – 7 აგვისტოს დაბომბვის შედეგად, სოფელ კარბში 8 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. 

სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმოდა. სოფელში დარჩენილები სარდაფებში იმალებოდნენ და თან გარდაცვლილ ახლობლებზე ღელავდნენ.

“სხვა გზა არ არის, სასაფლაომდე ვერ მივაღწევთ”, – უთქვამს ლუიზას და თავისი ნათესავები, რომლებიც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლნენ, სახლის ეზოში დაუმარხავს.

ომი და უბანში დარჩენილი ერთადერთი ქალი

ლუიზა თევდორაშვილმა ომის დროს სოფელი არ დატოვა. ის კარბში დარჩა და თანასოფლელებზე ზრუნვა დაიწყო – მეზობლებისთვის ამზადებდა კერძებს და აცხობდა პურს. 

“უბანში კაცები იყვნენ და ქალი მარტო მე ვიყავი. ვაჭმევდი, ვუცხობდი პურს … სროლების და ბომბების გამო, სარდაფში ვიმალებოდით, მაგრამ მაინც მიწევდა გამოსვლა. პურს ვუყრიდი ძაღლებს და ღორებს, რომ ცხედრები არ ამოეთხარათ… ისეთ შიშში ვიყავით.”

ლუიზა გამყოფი ხაზიდან 500 მეტრში, ორსართულიან სახლში ცხოვრობს. პერიოდული რემონტების მიუხედავად, სახლის მეორე სართულს ომის კვალი დღემდე ეტყობა – სახურავი გამოსაცვლელია და კედლებიდან  ბათქაშია ჩამოცვენილი.

“აქ რომ ამოვედით, საშინელება ხდებოდა – მინები და ფანჯრები სულ ძირს ეყარა, ხალიჩები სულ ამომწვარი იყო. სახურავი აღარაფრად ვარგოდა. მას მერე რომ დავიწყეთ ამ ყველაფრის გაკეთება, ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოვედით, მაგრამ მაინც არაფერში გავცვლი აქაურობას”, – ამბობს ლუიზა და სახელდახელოდ, სახლის დალაგებას იწყებს. 

გვეუბნება, რომ მეორე სართულზე ახლა მისი შვილის ოჯახი ცხოვრობს და იქვე სიხარულით აღნიშნავს, რომ ომის შემდეგ, ამ სახლში შვილიშვილი შეეძინა.

“იმას რა სჯობს,  ახალი თაობები რომ ჩნდებიან და იზრდებიან ამ სოფელში. რომ დაღამდება და განათებულ სახლებს გავხედავ ხოლმე, ეგეც კი მიხარია. ვიღაცა იფიქრებს, რომ სოფლიდან ერთი ოჯახის წასვლა არაფერს  შეცვლისო, მაგრამ ყველამ ეგრე თუ იფიქრა, ბოლოს რა იქნება?! ხალხი დიდი ძალაა, ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ, ჩვენ მიწა-წყალზე და დავიცვათ აქაურობა. რაც წაგვართვეს, ისიც საკმარისია”, – ამბობს და  ჩურჩულით ოკუპირებული სოფლების ჩამოთვლას იწყებს. 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულმა მხარემ კონტროლი 189 სოფელზე დაკარგა. სოფელ კარბთან კი ოკუპაციის ხაზმმა გაიარა. იქამდე, ლუიზას დევნილობა უკვე გამოცდილი ჰქონდა – 40 წლის წინ, მისი მშობლების ოჯახს ცხინვალის დატოვება მოუხდა. 

“მაშინ, ომის დროს ჩემს მშობლებს თავისი ნაკეთები და ნაწვალები 5 წუთში დაეწვათ და ის სიმწარე რომ მქონდა, უფრო იმიტო ვერ ვტოვებდი აქაურობას. მედგრად ვიყავი და ახლაც მედგრად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი ბაღებიდან ვხედავ ხოლმე სამხედრო მანქანები როგორ გადაადგილდებიან. პრაქტიკულად, ბრძოლის წინა ხაზზე ვცხოვრობთ ყველა, ვინც აქ ვართ”.  

 ექთანი მეზობლებისთვის

ლუიზა თევდორაშვილი პროფესიით ექთანია. დღესდღეობით, კარბის საბავშვო ბაღში მუშაობს. სამსახურის და სახლის საქმეების პარალელურად, ლუიზას ყოველთვის რჩება დრო თანასოფლელებზე ზრუნვისთვის.

“40 წელია, აქ ვცხოვრობ და რავიცი, ბავშვებიც ყოფილან, მოხუცებიც, ახალგაზრდებიც, მოსულან და ხან წამალი უთხოვიათ, ხან წნევის გაზომვა და ხან ნემსის გაკეთება. რითიც შემიძლია, სულ ვეხმარები და იცით, ეს მე თვითონვე მხდის კარგად”, – გვეუბნება ლუიზა და საკუთარ სახლში მოწყობილ იმ პატარა კუთხეს გვიჩვენებს, სადაც წამლებს და წნევის აპარატს ინახავს. 

წამლების დათვალიერების პარალელურად, გვიყვება, რომ ომმა ადამიანების ჯანმრთელობა შესამჩნევად გააუარესა. 

“წნევები  აწუხებს ძალიან ბევრს,  გულის დაავადებებია ძალიან ხშირი… ხომ ამდენი წელი გავიდა ომის შემდეგ, მაგრამ ხალხი მაინც სულ დაძაბული და აფორიაქებულია”.

კარბში ამბულატორია კვირაში ერთხელ მუშაობს. სოფელში არ არის აფთიაქი, რის გამოც, ხალხი წამლებს ტყვიავიდან ან გორიდან იმარაგებს. 

“თუ ისეთი წამალი სჭირდება ხოლმე ვინმეს, რაც მე არ მაქვს,  მიწევს მეზობლებში მოვიკითხო და შოვნაში დავეხმარო. ისე კი, ყველანი ვცდილობთ, რომ საჭირო წამლების მარაგი გვქონდეს. მე სულ ვეუბნები აქაურებს და აქაც გავიმეორებ – თუ კი, ვინმეს რამეში გამოვადგები, მე აქა ვარ დღე და ღამე”.

მასალა მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Newtork-ის დახმარებით. ვიდეოებში წარმოდგენილ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მედია-საშუალებას და იგი არ ასახავს, USAID-ის, შეერთებული შტატების მთავრობის ან Zinc Network-ის შეხედულებებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.