დატოვეთ კომენტარი
“ომი ჩვენც გამოვიარეთ და ზუსტად ვიცით, რას გრძნობს ახლა უკრაინელი ხალხი.”
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, სოციალურ ქსელში არაერთი გორელი მოქალაქის პოსტი გამოჩნდა – ისინი საქართველოში მყოფ უკრაინელებს, საკუთარ ფართში დროებით ცხოვრებას, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობდნენ. მსგავსი შინაარსის პოსტები მალევე გორში მოქმედმა სასტუმროებმაც გაავრცელეს.
ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელმა ლუგანსკიდან ჩამოსული წყვილი მიიღო. მასპინძლობის ამსახველი ფოტო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“გმირი სტუმრები ლუგანსკიდან. 50-საათიანი შოკისმომგვრელი გზა. ზოგადად კი, 8 წელი რუსების ტყვეობაში. საშინელებებს ჰყვებიან. ამბობენ, რომ მთელი მსოფლიო ეხმარებათ, მაგრამ რეალურად სჭირდებათ ცის დაკვეტვა დაუყოვნებლივ. ქართული ღვინო, მასპინძლობა, ჩვენი, 2008 წლის საშინელი გამოცდილების გაზიარება… გავაღიმე მაინც”.
უკრაინელაში გასაგზავნად, ჰუმანიტალურ ნივთებს გორში რამდენიმე ორგანიზაცია და მოქალაქეთა ჯგუფი აგროვებს. მათი ორგანიზებით, ძირითადად ტანსაცმელი, სათამაშოები და პირადი ჰიგიენის ნივთები გროვდება.
“ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ამ გმირ ხალხს ისე, როგორც შეგვიძლია. ჩვენი ოფისი მთელი დღე ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს ნივთების მოსატანად”, – ამბობს ლევან ახალკაცი, “არტჰაუსის” წარმომადგენელი.
ხელოვნების სახლ “არტჰაუსის” პარალელურად, ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც აგროვებენ. მაგალითად, რესტორანი “ბლექსთარი” გორში მცხოვრები ზაზა მეზვრიშვილის წამოწყებას შეუერთდა და უკრაინაში გასაგზავნად პროდუქტების შეგროვება დაიწყო.
ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები შეაგროვა ახალგაზრდების ჯგუფმა “ახალგაზრდები უკრაინისთვის”.
უკრაინის დახმარება თითქმის ყველა საჯარო და კერძო სკოლამ სცადა. ძირითადი აქტივობა – მოსწავლეების, მასწავლების და მშობლების ჩართულობით ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება იყო.
“გვინდა ჩვენი მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების დახმარების საქმეში, რომლებიც დაზარალდნენ საომარი მოქმედებების შედეგად”, – ამბობენ სკოლები და სოციალურ ქსელში შეგროვებული ნივთების ამსახველ ფოტო-მასლას ავრცელებენ.
ვეტერინარული კლინიკის “მარკო” მფლობელი უკრაინელებს, რომლემაც სამშობლო საკუთარ ტხფეხა მეგობრებთან ერთად დატოვეს, დახმარებას სთავაზობს.
“დევნილ ცხოველებს 100%-ით დაფინანსება ჩვენს კლინიკაში, ნებისმიერ მომსახურებაზე”, – დაწერა კლინიკის დირექტორმა, ირმა მთიულიშვილმა სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად იმ ოთხ ქალაქს დაეხმარა, რომლებიც გორთან არიან დამეგობრებულები.
მაგალითად, გორის მერიამ ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო,რითიც სამედიცინო აღჭურვილობა ვასილკოვში, პავლოგრადსა და მელიტოპოლში გაგზავნა. ამ ქალაქებისთვის მერიის შენობაში ტანსაცმელი და პირადი მოხმარების ნივთებიც შეგროვდა.
რაც შეეხება საკრებულოს, მეგობარ ქალაქ მერიტოპოლს უწყებამ ჰუმანიტალური ნივთები გაუგზავნა.
ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.