გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ბორის გოგიჩაიშვილის მეუღლე მარინე ჭიღლაძე ა(ა)იპ სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოშია დასაქმებული.
ჭიღლაძე აღნიშნულ სამსახურში სასწავლო ნაწილის პოზიციას იკავებს. მან ერთი წლის განმავლობაში სპორტის ა(ა)იპ-იდან ხელფასის სახით, 5 760 ლარი მიიღო.
რაც შეეხება, ბორის გოგიჩაიშვილს, ის საკრებულოში ფრაქციის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარის მოადგილეა და ყოველთვიურად, მისი ანაზღაურება 900 ლარს აღწევს.
გოგიჩაიშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ერთადერთ უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. დანარჩენი უძრავი ქონება მეუღლის სახელზეა.
მარინე ჭიღლაძე ფლობს ორ ბინას თბილისში, რომლიდანაც ერთი ჩუქების სახით მიიღო, მეორე კი 2016 წელს 35 000 დოლარად იყიდა. გარდა ამისა, ჭიღლაძის სახელზეა ბინა გორში და საცხოვრებელი სახლი სოფელ ღვარებში, ასევე მიწის ნაკვეთები ატენსა და ხიდისთავში.
ბიზნესმენი და ყოფილი სპორტსმენი ბორის გოგიჩაიშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”. იგი მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია. მან თავისი კომპანიის სახელით, 2019 წელს “ქართულ ოცნებას” 100 000 ლარი შესწირა.