„გორელებო გამოიღვიძეთ”, – მაია სიჭინავამ გორში პრორუსული და ანტილიბერალური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის არსებობა გააპროტესტა.
სიჭინავა „ალტინფოს” მიერ დაფუძნებული “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისთან მივიდა და პარტიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ უფლება არ აქვთ რუსეთის მიერ დაბომბილ ქალაქში იყოს პუტინის ინტერესების გამტარებელი პარტიის ოფისი.
„გორელებო გამოიღვიძეთ, არ მივეკუთვნები არცერთ პარტიას, ვარ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გული შემტკივა ჩვენს ქვეყანაზე. მე არ მინდა ჩემი ოკუპანტის მიერ დაქირავებული აი ეს აგენტები [კონსერვატიული მოძრაობის წევრები], გორის ცენტრში რომ სხედან, არ მინდა, რომ ესენი თარეშობდნენ და თან გვემუქრებოდნენ. თურმე ამათ წინააღმდეგ თუ ვინმე ხმას ამოიღებს, ენას დააძრობენ, მოკლავენ და საშინელებები. ჯერ არ მოსულან მთავრობაში და უკვე იმუქრებიან. ესენი არიან ზუსტად ისინი, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტები დაარბია, სცემა, მოკლა და დღეს ციხის ნაცვლად, აქ გორში “ბლატაობენ”. ზუსტად გორში იყო, ქალაქის ცენტრში 5-ტონიანი ბომბი რომ ჩამოაგდეს” , – განაცხადა მაია სიჭინავამ.
მისივე თქმით, უნდა შერცხვეს გორის ადგილობრივ ხელისუფლებასაც, რადგან ადმინისტრაციული შენობის წინ პუტინის დაკვეთით, ოფისი არის გახსნილი, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება.