ახალი ამბები

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ გორის შესახებ სტატია მოამზადა

“საფოსტო ბარათი სტალინვილიდან – სადაც „ბნელი ტურიზმი“ თვალს ხუჭავს ისტორიაზე” , – სტატია აღნიშნული სათაურით მოამზადა გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ “ტელეგრაფი”.

სტატიაში გორი მოხსენიებულია, როგორც “სტალინვილი”, ხოლო ტურიზმი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოხსენიებულია, როგორც – “ბნელი ტურიზმი”. როგორც სტატიიდან ირკვევა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ გორის მთავარი სავიზიტო ბარათი, კვლავ სტალინია.

სტატია გვაცნობს გორელ გიდს – 28 წლის ჟანა ოდიშვილს, რომელმაც საკუთარი ტური შექმნა. ტელეგრაფი ამბობს, რომ ოდიშვილი გორს ჩამოსულ ტურისტებს სხვა კუთხიდან აცნობს.

“სტალინის მუზეუმის ნაცვლად, ჟანა ოდიშვილი ტურისტებს უჩვენებს 2008 წლის ომის შედეგებს. ომის თემატიკაზე შექმნილ კედლის მხატვრობას. ომის პერიოდში მას მოუწია დაეტოვებინა გორი, რადგან მის ქალაქში რუსი ჯარისკაცები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ” , – წერს ტელეგრაფი.

ჟანა ოდიშვილი რადიო “მოზაიკას” ეუბნება, რომ ცდილობს ტურისტები დააინტერესოს გორით და აჩვენოს, რომ ეს ქალაქი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სტალინის სამშობლო.

ჟანა თავდაპირველად გორში არსებულ ერთ-ერთ ჰოსტელში მუშაობდა. სწორედ იქ შენიშნა, რომ ქალაქში ყველა ტურისტი იმისთვის მოდიოდა, რომ სტალინის მუზეუმი ენახა. ისიც შენიშნა, რომ ქართული ტურისტული ბაზარი მომხმარებელს გორში ვიზიტისას, სტალინის მიღმა, ვერაფერს სთავაზობდა.აქედან გაჩნდა იდეა – შეექმნა ისეთი ტური, სადაც ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებოდათ, სტალინის მუზეუმის გარდა ენახათ გორის ღირსშესანიშნაობები.

ჟანა გვეუბნება, რომ ტურისტებს, რომლებიც მასთან ჩამოდიან, ხშირად ესაუბრება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, მცოცავ ოკუპაციაზე და რუსულ აგრესიაზე. თვლის, რომ ეს მისი მხრიდან, ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს რეალურად რა ხდება.

“highly recommended” ანუ რეკომენდირებულია – მეტი, ვიდრე სტალინის სამშობლო – თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებული ტურისტები, ჟანას ტურის შეფასებაში, სწორედ ამას წერენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.