ახალი ამბები

„ოფისი სულ იმუშავებს” – კონსერვატიული მოძრაობა გორში პარტიულ საქმიანობას განაგრძობს

„ოფისი სულ იმუშავებს”, – პრორუსული პოლიტიკური ორგანიზაცია “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი გორში ფუნქციონირებას განაგრძობს.

პარტიის გორის ოფისის წარმომადგენლის ზურაბ ანიაშვილის თქმით, პარტიის დელეგაციის რუსეთში გამგზავრების პარალელურად, გორში ოფისი შეფერხების გარეშე იმუშავებს.

“არ დავიკეტებით, ოფისი სულ იმუშავებს, ჩვენი პარტიის ლიდერები მიემგზავრებიან რუსეთში, გორიდან თუ მიდის ვინმე, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია” , – ამბობს ზურა ანიაშვილი.

მისივე თქმით, პარტიის გორის ოფისს გელა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მედიასთან ჯერ კიდევ არ გამოჩენილა.

პრორუსული პოლიტიკური ორგანიზაცია აქტიურია სოციალურ ქსელშიც. შექმნილია ჯგუფები და გვერდები სახელწოდებით “კონსერვატიული მოძრაობა გორში”, საიდანაც აქტიურად ვრცელდება რუსული ნარატივი:

“დასავლეთს უკრაინის მიმართ რეალური მხარდაჭერა არ გამოუჩენია”

„თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს, რადგან უნდა რომ ნდობის არხი ორ ქვეყანას შორის ღიად დატოვოს და ასევე, რა თქმა უნდა, ზრუნავს საკუთარ ეკონომიკაზე”

„ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობაში არაერთი შეცდომა დაუშვა, მათ შორის არის უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების დაპირება”

ეს რუსული ნარატივის მაგალითების არასრული ჩამონათვალია.

კონსერვატიულმა მოძრაობამ გორში ოფისი 23 თებერვალს, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეს გახსნა. ოფისის გახსნამდე პარტიამ გორიდან შემოწირულობაც მიიღო. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში შემოწირულობა 16 თებერვალს დაფიქსირდა. შემომწირველი მაია სააკაშვილია, რომელმაც პარტიას 600 ლარი გადაურიცხა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.