ადამიანები

15 წლის გოგონა საკუთარ ნახატებს ყიდის და თანხას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ურიცხავს

15 წლის გოგონა, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საკუთარ ნახატებს ყიდის, ნუცა ფურცელაძეა. ის გორში ცხოვრობს. 

“ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ნუცა ძალიან ბევრი საქველმოქმედო ღონისძიების მომსწრეა. სულ თან დამყვებოდა და შესაბამისად, საკუთარი თვალით ხედავდა სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს”, – გვიყვება ნუცას დედა, სოფიო ნარიაშვილი. 

სოფიო მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, შემოქმედებითი ჯგუფის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა და სხვადასხვა პრობლემის, გამოწვევის მქონე ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო ღონისძიებებს გეგმავდა. სწორედ ასეთი საღამოების შემდეგ, სვამდა ნუცა კითხვას, – თავად რისი გაკეთება შეეძლო მათ დასახმარებლად.

ამ კითხვაზე პასუხი 15 წლის გოგონამ ერთი თვის წინ იპოვნა და დედის დახმარებით, სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააკეთა.

Nutsa – ასე დავარქვით გვერდს, სადაც საკუთარ ნახატებს აქვეყნებს და ყიდის.  უხარია ყველა გაყიდული ნახატი, ყველა შეკვეთა … თავიდან ამბობდა, რომ თანხის 20% გადარიცხავდა ლეიკემიით დააავადებული ბავშვების დასახმარებლად, მაგრამ მერე 30% გადაწყვიტა”, – გვეუბნება სოფიო ნარიაშვილი, ნუცას დედა. 

მარტის შემდეგ, ნუცამ რამდენიმე ნახატი გაყიდა და მიღებული თანხის 30% ბერი ანდრიას ფონდში გადარიცხა. 

“ხატვა რომ უყვარდა, ამას ბავშვობიდან ვატყობდით, მაგრამ არ მეგონა, რომ სხვების დახმარებას ამდენ დროს დაუთმობდა. ხან შუაღამემდე ზის და ხატავს.’

ნუცას ხატვის ნიჭი მამიდისგან გამოყვა. ხელოვნებისადმი ინტერესი მშობლებმა ნუცას 6 წლის ასაკში შეატყვეს და მალე, ხატვის მასწავლებელიც მოუძებნეს. ნუცას მომავალში სწავლის გაგრძელება სამხატვრო აკადემიაში სურს, არქიტექტურასა და გამოყენებით დიზაინზე.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.