სტატიები

ენმ-ის და გახარიას გუნდის წევრების ხმები საკმარისია დავით რაზმაძის იმპიჩმენტის ინიცირებისთვის

გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მუშაობენ და ამბობენ, რომ საკითხის ოფიციალურად ინიცირებისთვის მოლაპარაკაბებეს საკრებულოს სხვა დეპუტატებთანაც აწარმოებენ.

რა შემთხვევაში შეძლებს ენმ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიცირებას?

გორის საკრებულოში 36 წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიცირებას სულ მცირე 12 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

ამჟამინდელი შემადგენლობით, ოპოზიციას საკრებულოში ზუსტად 12 წარმომადგენელი ჰყავს;

  • 9 დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”
  • 3 დეპუტატი გახარიას პარტიიდან “საქართველოსთვის”

შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება საკმარისი იქნებოდა დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხის ოფიციალურად ინიცირებისთვის.

რას აპირებენ გახარიას თანაგუნდელები?

რას ფიქრობენ საკრებულოს თავმმჯდომარის იმპიჩმენტზე – ამის გასარკვევად, რადიო “მოზაიკა” გორის საკრებულოში პარტიის სამივე წარმომადგენელს დაუკავშირდა.

ოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრები ამბობენ, რომ ისინი საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ უჭერენ.

“ვგმობთ იმ განცხადებებს, რომელსაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აჟღერებენ უკრაინასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნას, ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და დაყოფს საზოგადოებას. ჩვენ კი ესეთ მძიმე დროს გვჭირდება ერის კონსოლოდაცია ერთი მიზნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხს მხარს არ დავუჭერთ.”

– მამუკა ფანიაშვილი

“ვგმობ ყველა განცხადებას, რომელიც ამ პერიოდში უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ არის გაჟღერებული. რაც შეეხება, გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, ჩავთვლით რომ ეს არის მორიგი პოპულისტური ნაბიჯი, რადგან გორის საკრებულოში “ქართული ოცნება” უმრავლესობით არის წარმოდგენილი და ჩვენი ხმები საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ.”

მერაბ გოხელაშვილი

გახარიას თანაგუნდელების ამგვარი პოზიციის გამო, საკითხის ინიცირების ერთადერთ გზად “ქართული ოცნების” წევრების მხარდაჭერის მოპოვება რჩება.

რას ამბობენ უმრავლესობის დეპუტატები?

“ქართული ოცნებას” გორის საკრებულოში 24 წარმომადგენელი ჰყავს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ დავით რაზმაძის იმპიჩმენტი არ სურს. თუმცა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრმა რადიო “მოზაიკას” უთხრა:

“ინიცირების პროცესი არის საჯარო და ვიღაც შეიძლება ამის გამო ერიდებოდეს ამ საკითხის მხარდაჭერას”.

კანონის თანახმად, გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად 12 დეპუტატის საჯარო თანხმობაა საჭირო. დღის წესრიგში დაყენებული საკითხზე კენჭის ყრა კი უკვე ფარული იქნება და დავით რაზმაძეს თანამდებობის დატოვება იმ შემთხვევაში მოუწევდა, თუ ამას მხარს სულ მცირე 18 დეპუტატი დაუჭერდა.


საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც რაზმაძემ თქვა, რომ მას “უკრაინის მთავრობაზე კარგი წარმოდგენა არ აქვს”. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უკრაინას სათანადო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.