ადამიანები

ძიუდოისტი გოგოები გორიდან – წარმატებები და გამოწვევები 

გორი სპორტული მიღწევებით ყოველთვის გამოირჩევა. ერთ – ერთი მიმართულება ძიუდოა, რომელშიც გოგოები აქტიურად არიან ჩართულები. ქვეყნის მასშტაბით გამართულ ტურნირზე, რომელსაც გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა გოგონებმა სხვადასხვა სინჯის მედლები აიღეს, ისინი მიღწეულ წარმატებებზე რადიო “მოზაიკასთან” საუბრობენ.

18 წლის ეთერ ასკილაშვილი 5 წელია ძიუდოზე ვარჯიშობს. ის ერთადერთი გოგო იყო გორიდან, ვინც მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატზე ლუქსენბურგში მიიღო მონაწილეობა, მაშინ გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ დანებებაზე არასდროს უფიქრია. საქართველოს ჩემპიონატზე ასკილაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ის ახლა ევროპის თასისთვის ემზადება.

ეთერ ასკილაშვილი

მოხარული ვარ რომ ჩატარდა ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი რა თქმა უნდა განწყობილი ვიყავი ჩემპიონობისთვის რადგან არ ვიყავი აქამდე საქართველოს ჩემპიონი და მიზანი იყო ის რომ ტურნირი მომეგო. შემდეგი შეჯიბრი გაიმართება პრაღაში დიდების ევროპის თასი ეს ჩემთვის არის პირველი შეჯიბრება დიდებში და რაღა თქმა უნდა ვეცდები და ვიბრძოლებ ოქროს მედლისთვის.

სალომე სტეფნაძე 16 წლისაა, ძიუდოზე 2 წელის წინ შევიდა. როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში ძიუდოს გულშემატკივარი იყო. მისი თქმით, ჩემპიონატზე აღებული ვერცხლის მედალი, მხოლოდ დასაწყისია.

სალომე სტეფნაძე

საქართველოს ჩემპიონატზე მიასპარეზია, მაგრამ გამოუცდელობის გამო ვერ შევძელი სასურველი შედეგის დადება. ზაფხულში მივიღე მონაწილეობა ბათუმში გამართულ შეჯიბრზე, სადაც მესამე ადგილი დავიკავე და ჩემი პირველი მედალი ავიღე. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატზე აღებულ ვერცხლის მედალს, დიდი “სპორტის პატარა დასაწყისად” ვთვლი და მეტი მოტივაცია მაქვს უკეთესი შედეგის დასადებად. ეს ჩემპიონატი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ამით წყდება საქართველოს ნაკრებში შესვლა და შემდეგ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება.

ნუცა  ძიუდოისტების ოჯახში გაიზარდა, მისი მამა და ძმა მწვრთნელები არიან. 7 წლის ასაკიდან აქტიური ვარჯიში დაიწყო და ამ დრომდე ბევრ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნუცა თათრიშვილი

14 წლის ვარ და ამ სპორტზე პატარაობიდან დავდივარ მამაჩემიც და ჩემი ძმაც მწვრთნელები არიან და ბავშვობიდან ამ სპორტში ვარ. პირველად ვიჭიდავე ასეთ ტურნირზე, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს გამარჯვება მეტიც შემეძლო, მაგრამ არაუშავს გამოცდილება მივიღე. ზუსტად ვიცი, აუცილებლად მივაღწევ მიზანს. სულ ერთი თვე ვემზადებოდი, მოტეხილობის გამო ჩამივარდა ვარჯიშები, მაგრამ თავს არ ვზოგავდი და ვიცოდი რომ მედალი უნდა ამეღო და ნაკრებში შევსულიყავი.

გვანცას სპორტული მოღვაწეობა 3 წელს ითვლის. მას აქვს სხვადასხვა სინჯის მედლები მიღებული, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე ეს მისი პირველი მედალია.

გვანცა გვარამაძე

17 წლის ვარ, ძიუდოზე 3 წლის წინ შევედი. მშობლებს ვთხოვდი რომ შევეყვანე ძიუდოზე, მაგრამ უარზე იყვნენ, გოგო და ძიუდო მათთვის მიუღებელი იყო. ბოლოს დამთანხმდნენ, ძალიან მეხმარებიან და გვერდით მიდგას ყველა, რომ მივაღწიო ჩემს დასახულ მიზანს. მაქვს მონაწილეობა მიღებული ჩემპიონატებზე, სადაც სხვადასხვა სინჯის მედალი მოვიპოვე. საქართველოს ჩემპიონატზე ეს ჩემი პირველი მედალია, ბედნიერი ვარ რადგან ამ წელს შევძელი და მოვიპოვე ბრინჯაო. ტურნირამდე 1თვით ადრე მქონდა კოვიდი რის გამოც ძალიან დავსუსტდი და ვერ შევძელი წონის დაკლება, ამიტომ სხვა წონით კატეგორიაში მომიწია ჭიდაობა.

აღნიშნულმა ჩემპიონატმა სპორტსმენების კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ამ ჩემპიონატის მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირებში და შემდეგ გაირკვევა ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც წლის მთავარ შეჯიბრებებზე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოვლენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.