ისტორიები

გორის მუნიციპალიტეტში სტალინის 5 ძეგლი დგას – ისტორია

სტალინის ძეგლი გორის ცენტრში 2010 წლამდე იდგა. 6-მეტრიანი მონუმენტი დღესდღეობით, სოფელ ბერბუკშია განთავსებული.  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრში ძეგლი აღარ დგას, გორსა და გორის მუნიციპალიტეტში კიდევ შემორჩა რამდენიმე მონუმენტი.

ერთ-ერთი ძეგლი კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღშია”განთავსებული. აღნიშნული პარკი 1963 წელს გაიხსნა და  წლების მანძილზე იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახელს ატარებდა.

სტალინის ძეგლი, სკულპტურა და ბიუსტი კი, მუზეუმსა და მუზეუმის ეზოშია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კარბში საბავშვო ბაღის შენობის წინ სტალინის ძეგლი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, უკვე 50 წელია დგას.

კიდევ ერთი ძეგლი დგას გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. აქ ადრე კინო-თეატრი იყო, სადაც უამრავი კონცერტი და სპექტაკლი იმართებოდა. სავარაუდოდ, ძეგლიც ამ პერიოდიდან დგას შენობის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტში სტალინის არაერთი მონუმენტია, წლების განმავლობაში გარკვეული ჯგუფების მხრიდან იყო მცდელობა, რომ კიდევ დაემატებინათ ძეგლები ან ბიუსტები. მაგალითისთვის, 2016 წლის 9 მაისს ატენში დადგეს ბიუსტი, თუმცა დაუდგენელმა პირებმა ბიუსტი ვარდისფრად შეღებეს.

კიდევ ერთი ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში დაიდგა. ძეგლი მოგვიანებით, დაუდგენელმა პირებმა, საღებავით შეღებეს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოში კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკების აღმოფხვრის მიზნით, „თავისუფლების ქარტიასა“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები  ამოქმედდა. კერძოდ, კანონის თანახმად, შსს–ში შექმნილი სპეციალური კომისია უფლებამოსილია ამა თუ იმ საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის შესახებ ბრძანება გასცეს. ბრძანების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი თვითმმართველი ორგანო ჯერ გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 1000 ლარით დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ  ეს კანონი  კერძო პირებს არ ეხება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.