გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში წლების წინ გასხვისებულ მიწის ფართობზე დავა არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ამჟამინდელმა მფლობელმა გამოთქვა მზაობა, რომ მიწის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 40 ჰა, ადგილობრივებს გადასცეს უსასყიდლოდ, ზეღდლეთში მცხოვრები მოსახლეობა არ თანხმდება. მათი თქმით, აღნიშნული ნაკვეთი ისედაც სოფლის საკუთრებაა და მათ სრულად სარგებლობა უნდა შეეძლოთ.
ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო “მოზაიკასთან” ამბობს, რომ ინვესტორის შემოთავაზებას არ დათანხმდებიან და პროტესტი გაგრძელდება.
“ეს ნაკვეთი არის 75 ჰა, თავიდან შემოგვთავაზეს 10 ჰა, შემდეგ 15 – 20 და ასე. გუშინ უკვე გვითხრეს, რომ 40 ჰექტარს დათმობენ, მაგრამ მოსახლეობა უარზეა, რადგან ეს ნაკვეთი ეკუთვნის სოფელს და ჩვენივე ნაკვეთი რატომ უნდა მოგვცეს საჩუქრად ? თუ რაიმე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჩატარდება, მოსახელეოება ვერ მოითმენს და იქნება დიდი კონფლიქტი, არ დაუშვებს ამას მოსახლეობა. ჩვენ იქ ჩავსვით ბანერიც”, – ამბობს იმედო ცერცვაძე, ზეღდულეთში მცხოვრები.
მისი თქმით, მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მიენიჭოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელი, რისთვისაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. შესაბამისი წერილით კი ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ.
“ზეღდულეთიდან 2008 წლის ომის დროს 5 ჯარისკაცი დაიღუპა გმირულად, სოფელმა გადაწყვიტა ხელმოწერების შეგროვება, პირადად მე ვიარე და მოვაგროვე. ამ დროისთვის 500 -მდე ხელმოწერაა. რომ ამ მიწის ნაკვეთს მიენიჭოს სახელი “გმირი ბიჭების მამული”, – გვითხრა იმედო ცერცვაძემ.
სადაო მიწის ნაკვეთს, ზეღდულეთის მოსახლეობა წლების განმავლობაში საძოვრად იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი 2008 წელს გასხვისდა, ისინი ამ მიწით მაინც სარგებლობდნენ, იქამდე სანამ ერთ-ერთმა მფლობელმა მისი დამუშავება არ გადაწყვიტა. პროტესტი გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ადგილობრივებმა კერძო ინვესტორს უფლება არ მისცეს, ნაკვეთი დაემუშავებინა. დავაში ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლებაც და მოლაპარაკებების გზით ეცადნენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას.
“აღნიშნული პრობლების მოგვარებაში ჩართული იყო ცენტრალურთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაც, რის შედეგადაც მიწის ამჟამინდელი მესაკუთრე მზადაა აღნიშნული მიწის 30 ჰექტრამდე ფართობი უსასყიდლოდ გადასცეს სოფელს”, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, აბელ აბესაძემ.
ზეღდულეთელები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, იქამდე სანამ სადაო მიწის ნაკვეთი სრულად არ გადავა სოფლის სარგებლობაში.