“ტალახიანი წყალი მოდის, სუნიც ცუდი აქვს, დასალევ წყალს ვყიდულობთ, არავინ ამოწმებს”, – ეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლოების გამოხმაურებებია რადიო “მოზაიკას” მიერ მომზადებულ მასალაზე “რა პერიოდულობით ამოწმებენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელ წყალს”.
სოფლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ პერიოდულად სასმელი წყალს მძაფრი გემო და სუნი გასდევს, რის გამოც იძულებულნი არიან წყალი იყიდონ.
მოსახლეობის ეჭვების საპასუხოდ, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება მინუმუმ, თვეში სამჯერ ხდება და რაიმე საშიშროების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება.
“სოფლების ნაწილში, სადაც სასმელი წყლის საქლორატოროებია მოწყობილი, ასეთ დაახლოებით არის 35 სოფელი, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დაქლორვა. დანარჩენ სოფლებში, თვეში საშუალოდ 3 – ჯერ ხდება წყლის ხარისხის შემოწმება და მინიმუმ 2 – ჯერ მაინც, რიგ შემთხვევებში 3 – ჯერ ხდება დაქლორვა”, – ამბობენ მერიაში.
იმავეს ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალანირების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურში. აღნიშნულმა სამსახურმა განვლილი წლის ანგარიში საკრებულოში წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში რეგულარულად ახდენდა სასმელი წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას.
“შესაბამისა, ხორციელდება სასმელი წყლის სისტემების დეზინფექცია და წყლის გაუსნებოვნება. გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა წყლის დაბინძურების ერთი შემთხვევა, რომელიც აღმოიფხვრა დაუყოვნებლივ”, -ნათქვამია ანგარიშში.
მიუხედავად ოფიციალური უწყებების განცხადებებისა, რომ სოფლებში სასმელ წყალს გეგმის მიხედვით ამოწმებენ, მოსახლეობას წყლის ვარგისიანობაზე ეჭვები მაინც აქვს. ერთ-ერთი სოფელი, სადაც სასმელ წყალს რამდენიმე უბნის მოსახლობა ყიდულობს, ატენია. აღნიშნული პრობლემა ენმ-ს წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა ნანა ლოთიშვილმა გასული წლის ბოლოს გააჟღერა. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი დასალევად უვარგისია და ლაბორატორიული შემოწმებაც არ ჩატარებულა.