გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარდა თანამდებობის პირებისა, დეპუტატებს უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხა გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს დადგენილებაში ვეცნობით.
2017- 21 წლის მოწვევის საკრებულოში თანამდებობის არმქონე დეპუტატის უფლებამოსილებისთვის განკუთვნილი თანხა 400 ლარი იყო, ახალი მოწვევის საკრებულოში კი ეს თანხა 350 ლარით გაიზრდება. გორის საკრებულო 36 წევრისგან შედგება, სადაც თანამდებობის არმქონე 14 დეპუტატია, მთავრობის ახალი დადგენილებით, უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხა 750 ლარი გახდება.
“უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება თვეში 750 ლარით არის განსაზღვრული. დადგენილების მიღების მიზეზს წარმოადგენს ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც საკრებულოს თავმჯდომარეს გაეზარდა ხელფასი და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება დაკავშირებულია სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურებასთან”, – წერია განკარგულებაში
ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით, 2022 წლიდან საჯარო მოხელის ხელფასი 10% გაიზარდა, შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი ამ ეტაპზე 5060 ლარს შეადგენს.