ნაზი ბერუაშვილი გორის სათემო რადიო “მოზაიკას” მიერ დაწესებული ანა (ოლა) სოლოღაშვილის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა. როგორ ცხოვრობს 72 წლის ქალი დევნილობაში, რას აკეთებს გარშემომყოფების დასახმარებლად და როგორ ცდილობს გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას?
ნაზი ბერუაშვილი კარალეთის დევნილთა დასახლებაში, ერთ პატარა კოტეჯში ცხოვრობს. მის სახლს ხშირად სტუმრობენ მეზობლები – ზოგი რჩევას სთხოვს, ზოგი ოფიციალური წერილის დაწერას, ზოგიც – დახმარებას. ნაზიმ ყველას გასაჭირი და პრობლემა იცის.
“ახლაც ზუსტად ვიცი, ვინ რა ოცნებით და რა პრობლემით ხვდება ახალ წელს. ისიც ვიცი, ზოგიერთს საახალწლოდ ერთი ფინჯანი ჩაის სამყოფი ფულიც რომ არ აქვს. მე რაც შემიძლია მათ დასახმარებლად, ყველაფერს ვაკეთებ”, – გვიყვება ნაზი.
ის გარშემომყოფების პრობლემების შესახებ რეგულარულად უყვება სხვადასხვა ორგანიზაციებს და ცდილობს, ისინი მათი დახმარების საჭიროებაში დაარწმუნოს.
ნაზი ამჟამად იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის “თანხმობა” ერთ-ერთი პროექტის “ღირსეული სიბერე” კოორდინატორია. ამ პროექტის ფარგლებში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმ მოხუცებს აქცევს, ვისაც დამხმარე არ ჰყავს და ყოველდღიურ საზრუნავებთან გამკლავება უჭირს.
“ჩემი თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და აღარც გაჩერებულა. სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით, ძალიან ბევრი საჭირო და სასარგებლო საქმე გავაკეთე დევნილებისთვის. ახლო წარსულზე რომ ვისაუბრო, მაგალითად, პანდემიის პირობებში ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ პირბადეებით, ჰიგიენური საშუალებებით და სურსათით”, – ამბობს ნაზი.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნაზი გახდა გაეროს დამკვირვებელი ადამიანის უფლებების მიმართულებით შიდა ქართლში. მოგვიანებით, თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”. ამავე პერიოდში დაიწყო თანამშრომლობა ასოციაცია “თანხმობასთანაც”.
“ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ უმოძრაოდ ყოფნა არ შემიძლია. ხან ტრენინგებს ვესწრები, რომ ახალი ცოდნა მივიღო. ხან შეხვედრებში ვმონაწილეობ, რომ ჩვენი, დევნილების პრობლემები გავაჟღერო. რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ ასეთი ვარ. სულ ვცდილობ, რაღაც უკეთეობისკენ შევცვალო”.
არასამთავრობო სექტორში მუშაობის გარდა, ნაზის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საგანმანათლებლო რესურსცენტში და გამგეობაში.
“პროფესიით ფილოლოგი ვარ. მიმუშავია საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც. ზოგადად, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ახლაც ხშირად მოდიან ჩემთან და ხან რა წიგნს მთხოვენ, ხან – რას. მე სულ მიხარია, როცა ახალგაზრდების განვითარებაში ჩემი წვლილი შემაქვს”.
ნაზი ბერუაშვილი წარმოშობით სოფელ ერედვიდანაა. დაოჯახების შემდეგ, ის სოფელ კეხვში ცხოვრობდა. ახლა ორივე სოფელი ოკუპირებულია.
“ოკუპაციამ არამარტო გარემოებები, არამედ თვითონ ადამიანებიც შეცვალა. ბევრი დღესაც ომის შემდეგომ სტრესშია. მე ბუნებით ვარ ასეთი, შეგუება და დანებება არ მახასიათებს. ამ ბუნების დამსახურებაა, რომ დღეს ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო ჩემი იმედი აქვს.”