საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით მთის სტატუსის მქონე საჯარო სკოლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს.
აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა პროექტების ანგარიშები წარადგინეს და მიღწეული შედეგები შეაფასეს.
“ღონისძიებაზე სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პროგრამის მონაწილე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 10 საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლა გამოავლინა, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.
ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამაში მთის სტატუსის მქონე 25 საჯარო სკოლა იყო ჩართული. აქედან საუკეთესო პროექტის ავტორად 10 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დასახელდა, რომელთა შორის არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის, ნოდარ ხადურის სახელობის საჯარო სკოლა.
სასკოლო პროექტები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. მათ შორის, ხელოვნების, სამოქალაქო განათლების, STEM-ის, წიგნიერების, მეწარმეობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს.