სტატიები

მე – 6 დღე ოკუპანტების ტყვეობაში – რა მდგომარეობაშია მამუკა ჩხიკვაძე 

რუსი ოკუპანტების მიერ 6 დღის წინ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ ისევ არ გავრცელებულა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 დეკემბერს გაავრცელა ცნობა მისი უკანონოდ დაკავების შესახებ, მას შემდეგ უწყებას მის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

მამუკა ჩხიკვაძის შესახებ მედიაში მცირე ცნობები ყოველდღიურად ვრცელდება მისი ახლობლებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” მიერ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში ძალადობის ქვეშ იმყოფება თავდაპირველად დავით ქაცარავამ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ვინაიდან ის ყოფილი სამხედროა, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან საფრთხე ემუქრება. ამას ამბობენ ჩხიკვაძის მეგობრებიც. 

“წუხანდელი ცნობით ცხინვალიდან, მაგარი ნაცემია და საქმეს უთხზავენ, რომ საბრალდებო სკამზე რაც შეიძლება დამამძიმებელი მუხლებით წარადგინონ, როდესაც გამოჯანმრთელდება”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” მამუკა ჩხიკვაძის მეგობარმა. 

დღესვე,16 დეკემბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობა მამუკა ჩხიკვაძის ცემის შესახებ სიცრუეა და მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. 

მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. ამასთან, არის ინფორმაცია, რომ დაკავების დროს ის ყვიროდა ნაციონალისტური ლოზუნგებით, მესაზღვრეებს დამპყრობლებს უწოდებდა. როგორც მივხვდი, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ არც ისე ადეკვატურად მოიქცა”, – განაცხდა კოჩიევმა. 

ოსური მხარის განცხადება ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს სარწმუნოდ არ მიაჩნია. დავით ქაცარავა ამბობს, რომ თუკი მამუკა ჩხიკვაძე უვნებელია, დე ფაქტო რეჟიმმა ვიდეომასალით უნდა დაამტკიცოს. 

“ჩვენ დავიჯერებთ ამას მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიხილავთ ვიდეო მტკიცებულებას, სადაც ცოცხალი და ჯანმრთელი მამუკა ჩხიკვაძე მოგვმართავს. მანამდე კი მისი სასტიკი ცემის მოცემულობა რჩება უცვლელი”, – ამბობს ქაცარავა. 

მისი თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლება დროულ რეაგირებას არ მოახდენს, ჩხიკვაძის ოჯახთან შეთანხმებით, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ და რუსული ტვირთების ბლოკირებას მოახდენენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.