ახალი ამბები

გორის სასამართლომ კაცს, რომელიც დედას სისტემატურად სცემდა 7 წელი მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ წარსულში ნასამართლევ კაცს, რომელიც დედას სისტემატურად სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ძალადობის რამდენიმე ეპიზოდის შესახებ. გარდა ამისა, ბრალდებული ზ.მ საკუთარ სახლში 2 კგ-ზე მეტი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას “კანაფს” ინახავდა.

“ზ.მ-მ საკუთარ სახლში დედას თ.მ-ს ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახის, ტანისა და მხრების არეში. 10 დღის შემდეგ, კვლავ ამავე სახლში, 21:00 საათზე დედას ორივე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა მხრების, მუცლისა და ბეჭების არეში, მეორე დღეს, სახლის ეზოში ქვის ლოდით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში” , – აღნიშნულია საქმის მასალებში.

როგორც ცნობილია, ზ.მ-მ სახლის ეზოში დათესა და მოიყვანა 2 237 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რომელიც პოლიციამ სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღო.

ძალადობის ბრალდებით ზ.მ წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. მისი საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა შეისწავლა და მას 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დატოვეთ კომენტარი